მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, სავალდებულო ტესტირების ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის ვადა გადაიხედება - "ლილო მოლი"

619cc1225dac6
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.21 14:30
2008
2022 წლის პირველი იანვრიდან ბიზნესსუბიექტებს დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირების ხარჯების გაწევა თავად მოუწევთ. აღნიშნული მთავრობის მიერ სავალდებულო ტესტირების შესახებ არსებულ დადგენილებაში 18 ნოემბერს შესული ცვლილებებიდან ირკვევა.

ამ საკითხზე გადაცემა „საქმის კურსში“ "ლილო მოლის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ დასაქმებულთა ტესტირების დაფინანსების შეწყვეტის საკითხს სახელმწიფო გადახედავს, რადგან იანვრიდან ვაჭრობის დარგში აქტივობის შემცირების პერიოდი დგება და ბიზნესს დამატებითი ხარჯი ტვირთად დააწვება.

„სავალდებულო ტესტირების დაწესების შემდეგ ჩვენ მივყვებით და ვატარებთ ამ ტესტირებას, მაშინვე იყო საუბარი, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ სახელმწიფო აღარ დააფინანსებდა კერძო სექტორში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას. ეს საკითხი რამდენჯერმე გადაიდო, რაც მეწარმეებისთვის დიდი შვება იყო.

ამ დადგენილებას დღეს გავეცანი და ჩვენთვის უცნობი იყო მის შესახებ. ამაზე გადაწყობას რაღაც დრო სჭირდება. პროგრამული ხარვეზების აღმოფხვრა, იმის გარჩევა ვინ, როგორ და რა მდგომარეობაშია... ეს რთული პროცესია, რადგან ჩვენს შემთხვევაში 7 000 ადამიანია, რომელიც იტესტება, ეს რომ ფასიანი გახდება, სირთულეები შეიქმნება, ბევრი მოერიდება და დიდი ჭიდაობა მოგვიწევს, არადა ცუდი არ არის, ეს ვირუსის სწრაფი აღმოჩენისთვის კარგია.

აღნიშნული დაფინანსების მოხსნა იანვარში იგეგმება. ეს ის პერიოდია, როდესაც ვაჭრობა კვდება და გვიან გაზაფხულამდე მეწარმეებს თავი გააქვთ და მხოლოდ ხარჯების ნაწილი რჩება.

გაცილებით უკეთესად ვართ დღეს, იმასთან შედარებით, რაც გასულ წელს იყო; ფეხზე წამოდგომა, ვალების გადახდა დავიწყეთ, ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდი პერიოდი გაგრძელდეს, რათა ადამიანები ფეხზე დადგნენ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დაფინანსების შეწყვეტის ვადები კიდევ გადაიხედება.

გაზაფხულიდან უკეთესი სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ ეს მაინც პოსტპანდემიური შეზღუდვების პერიოდია. ძალიან გაძვირდა ტრანსპორტირება და სხვა საკითხები და კიდევ დამატებითი ხარჯები ბიზნესს ტვირთად დააწვება. ნებისმიერი ცვლილება ძალიან ცუდად აწვება ბიზნესს; შეიძლება ეს გარედან კარგად არ ჩანდეს“, - განმარტა გიორგი კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, „ლილო მოლის“ ადმინისტრაცია ყველა იმ ღონისძიების მომხრეა, რაც ვაქცინაციის პროცესს შეუწყობს ხელს. თუმცა სავალდებულო ტესტირების დაფინანსების შემთხვევაში, კერძო სექტორის წარმომადგენლებს კითხვები ექნებათ.

„ნებისმიერი დავალება და რეგულაცია, ძალიან რთულია და ტვირთად აწვება ბიზნესს, მით უმეტეს დღეს, როდესაც მეწარმეებმა ფეხზე წამოდგომა დაიწყეს. ამასთან, ვინც აცრილი იქნებოდა, მათ ფასიანი ტესტირება არ უნდა შეხებოდათ და უფასო უნდა ყოფილიყო, ამიტომ კითხვები გვაქვს ამ ნაწილში“, - თქვა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.