მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედია, ხელოვნურ ბარიერთან არ გვაქვს საქმე“ - ინტერვიუ „ნუნისის“ დამფუძნებელთან

6420412dce740
თელარა გელანტია
26.03.23 17:30
854
Nunisi Forest Hotel and Spa - სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსია. ის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში მდებარეობს. ნუნისის მაკურნებელი ძალის საიდუმლო წყლის შემადგენლობაშია.

კაჟმჟავას შემცველობის გამო ნუნისის წყალი უხდება კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე, ალერგიას,ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია. დასასვენებელი კომპლექსი "ნუნისი" ირმა დაუშვილმა 2002 წელს დააფუძნა.

რამდენიმე წელია ის, კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე საუბრობს, თუმცა ამ დრომდე პრობლემა პრობლემად რჩება. საქმე ეხება 28-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას. ამასობაში, როგორც ირმა დაუშვილმა BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ნუნისის წყალზე მოპოვებულ 20-წლიან ლიცენზიას ვადა გაუვიდა. მისივე თქმით, „მინერალური რესურსების სააგენტომ „ლიცენზია არ გაუგრძელა.

- „არსებობს გზა, ცუდი გზა და ნუნისის გზა” - ამ და სხვა სათაურით Bm.ge-ს არქივშიც ბევრი ინტერვიუა - გაქვთ დასასვენებელი კურორტი, რომელიც შექმენით 2002 წელს და ამ დრომდე საგზაო ინფრასტრუქტურა გამოწვევად რჩება. ამ პირობებში როგორ ახერხებთ კომპლექსის მართვას?

- არ ვიცი რა ხდება და რატომ, ბოლო 10 წლის მანძილზე 3-ჯერ გამოცხადდა ტენდერი. გზა წესით 2021 წლის ნოემბერში უნდა გვქონოდა, მაგრამ როგორც ვიცი, უპასუხისმგებლო კომპანიამ მოიგო ტენდერი და პირობები არ შეასრულა... მაგრამ მერე ჩვენ რა?! მერე მოსახლობამ რა?!... აქამდე სულ ვარკვევდი და ვკითხულობდი, რატომ არის ეს რეგიონი ასე მიტოვებული და პასუხი იყო ასეთი - „პატარა რეგიონია“. თავიდან ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდნენ პატარა რეგიონში...

- ანუ ბევრი ამომრჩეველი არ ცხოვრობსო?

- დიახ, თურმე ამომრჩეველი არის ნაკლები... სანამ ასეთი მიდგომა არ მოისპობა, რომ პროექტები დამოკიდებული იქნება არჩევებზე...

- მარტო ამომრჩეველი ხომ არ უნდა იყოს საზომი - ადგილობრივი მთავრობის მოტივაცია ხომ უნდა იყოს რაიონის ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნესის დაინტერესება, რაც ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს თუ ასე ფართოდ არ უყურებენ საკითხს?

- ვერ უყურებენ ასე ფართოდ... თან კურორტამდე მისასვლელი გზა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გზების დეპარტამენტის პროექტია და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით უნდა აშენდეს. თავიდან გამოცხადებული იყო, რომ ამ გზის გაკეთებას 25 მილიონი სჭირდებოდა ახლა 81 მილიონ დოლარზეა ასული და მაინც ვერ კეთდება...

- ბოლო ინფორმაცია რა გაქვთ თუ იმედი დაკარგეთ და აღარც კითხულობთ?

- აღარ ვკითხულობ, რადგან ეს უკვე მასხარად აგდება მგონია, როცა შენ დაწერ წერილს და გიპასუხებენ, რომ დღეს არა და ხვალ იქნება, ხვალ არა და ზეგ იქნება, როცა იქნება, ალბათ იქნება.

- გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა ყველა კურორტისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ პირობებში როგორ მუშაობთ იქ? რამდენადაც ვიცი, ნუნისში 120-ნომრიანი სასტუმროს აშენებას გეგმავდით...

- გვინდოდა, მაგრამ გაჩერებულია ეს ყველაფერი, რადგან რთულია. თან ახლა სამშენებლო სფეროში ფასები გაძვირებულია და გაძვირებული მშენებლობა კურორტზე ნომრების გაძვირებას გამოიწვევს. მხოლოდ ერთი მატარებელი აჩერებს დღეში ერთხელ უკან გზაზე, ამასაც დიდი მეგობრობის ხარჯზე მივაღწიე - ქალბატონი ნათია თურნავა დამეხმარა, როცა ეკონომიკის მინისტრი იყო, რომ 1-წუთიანი გაჩერება გაკეთებულიყო - ქალური სოლიდარობის თემა იყო. დღემდე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მატარებელი ჩერდებოდეს სხვადასხვა დროს და ტურისტს კომფორტი შევუქმნათ, ამიტომ რთულია. ამასობაში, შარშან ზაფხულში ნუნისის წყლებზე აღებულ 20-წლიან ლიცენზიასაც გაუვიდა ვადა. მოვითხოვეთ ლიცენზიის გაგრძელება, მაგრამ უარი მივიღეთ. ახლა ველოდებით, როდის გამოცხადდება ელექტრონული აუქციონი ნუნისის წყლის ლიცენზიაზე. განაცხადი შეტანილი გვაქვს და პასუხი არ გვეღირსა... თუ ლიცენზია შეგვიფერხდა, გამოვა, რომ ამ ზაფხულ ვერ შევძლებთ სამკურნალოდ დამსვენებლები მივიღოთ. დამსვენებლებს მივიღებთ, მაგრამ მკურნალობას ვერ გავწევთ.

- ძალიან ცუდია, როდესაც ბიზნესი უფრო მონდომებულია და სახელმწიფო ბიუროკრატია - ნაკლებად.

- იმედი მაქვს, ხელოვნური ბარიერი არ არის და რაღაც ტექნიკური საკითხია...