მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

603cf04b0c826
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.21 19:50
811
„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერების განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება 1 მარტიდან დაიწყო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ), ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის 30 აპრილამდე მიიღებს.

მათივე ცნობით, 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას გულისხმობს.

„სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში, ქართულ-ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანიასთან „GeoHolding” & KSH Consortium ერთად დაიწყო.

იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო.

პროექტის კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო განავითარებს ძირითად ინფრასტრუქტურას, რათა იმ ბიზნესების უწყვეტი ოპერირება უზრუნველყოს, რომელთა შექმნაც პროექტით არის გათვალისწინებული.

სრული ინფორმაცია ინტერესთა გამოხატვაზე იხილეთ ვებგვერდზე www.iaz.ge“, - ნათქვამია პრეს-რელიზში.