მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმერეთში ტურიზმის მიმართულებით რთული მდგომარეობაა" - ლაშა ბერეკაშვილი

5e1c5ab46ff53
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.20 20:40
3014
იმერეთი, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ყველაზე მონახულებად ადგილებს შორის მე-6 ადგილს იკავებს, რაც ძალიან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარეობს. იმერეთის რეგიონში ტურიზმის მიმართულებით რთული მდგომარეობაა, - ამის შესახებ bm.ge-ის ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

ლაშა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს და იმისთვის, რომ იმერეთმა სათანადოდ უპასუხოს ტურისტების გაზრდილ ნაკადს, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება და ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარება, რომელიც რეგიონის მთავარ გამოწვევად რჩება.

„ქუთაისი ერთ-ერთი გამონაკლისი ქალაქია, იმ მხრივ, რომ რუსული ემბარგო არ ასახულა მგზავრთნაკადზე, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გვაქვს აეროპორტი, და ევროპის მიმართულებიდან ვღებულობთ უფრო მეტ ტურისტს. პლუს ავიაკომპანია „რაინეარიც“ დაემატა და რეისების რაოდენობა იზრდება. ჩვენ უფრო ადვილად გადავიტანეთ, თუმცა ნეგატიური ფონი ნეგატიური ფონია ყველასთვის.

იმისთვის რომ ჩვენ ამ გაზრდილ რეისებს ვუპასუხოთ და განმეორებითი ტურისტების შემოდინებაც გავზარდოთ, ქალაქს სჭირდება ფუნქციონალური დატვირთვა, სჭირდება უფრო მეტი ატრაქცია. ჩვენ ტურიზმის ცენტრის წლის შემაჯამებელ ანგარიშზე ეს ხედვები ვერ მოვისმინეთ. იქ იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა აქტივობებზე გამოფენებზე წასასვლელად, თუ საიტის შესაქმნელად, თუმცა უშუალოდ ქუთაისში ან იმერეთში რა ატრაქციების შექმნა, და რა მარშრუტების გახსნა იგეგმება, ეს ინფორმაცია მე ვერ მივიღე და ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი“, - განაცხადა ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური გაუმართაობა, საინფორმაციო დაფების არ არსებობა, უსუფთაობა, სათანადო ატრაქციების არარსებობა - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ლაშა ბერეკაშვილის შეფასებით აფერხებს იმერეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას.

„რეგიონი ჯერჯერობით ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც ევროპელი ტურისტები აქ ელიან. მაგალითად, ინფორმაციის კუთხით იმერეთში არის უამრავი მარშრუტი, სხვადასხვა გემოვნების და მოთხოვნის მიხედვით, მაგრამ არ არსებობს მისი ელექტრონული ვერსიები. ბუკლეტი კარგია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები არის წამყვანი. მაგალითად, ტურისტი ჩამოვიდა, გადმოწერა ბაღდათის ტურისტული მარშრუტის რუკა და გაიარა ამ "ოფლაინ-რუკით" ეს მარშრუტი. ციხით, ღვინის მარნით, მუზეუმით, რომელიც იქ არის დატანილი და ასე ვთქვათ განვითარდა ბაღდათის რაიონი მეტად, ვიდრე სხვა რაიონი. არ ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტად განვითარდნენ. ტყიბულის ტურისტული მარშრუტი განავითარონ ელექტრონულად, თერჯოლის, ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის... ის, რომ გვაქვს ის რამდენიმე მღვიმე ან კანიონი, აღარაფერს ნიშნავს, ეს უკვე შეიძლება ითქვას ნიშნავს იმას, გვიხაროდეს ის რაც 10 წლის უკან გვიხაროდა. ამასთან, გვაქვს სველი წერტილების პრობლემა, მანიშნებლების პრობლემა, ინფრასტრუქტურის პრობლემა. მაგალითად, ვანში არის უნიკალური გოგირდის აბანოები და არანაირი მისასვლელი ინფრასტრუქტურა იქ არ არის. არის ნაგავი, არ არის საინფორმაციო დაფა, რამდენი ხანი შეიძლება იქ ადამიანი დაყოვნდეს. ბავშვები შეიძლება თუ არა. საინფორმაციო დაფები, რომელიც ტურისტის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს, არ არსებობს. უამრავი მდინარე გვაქვს იმერეთში და არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის, იმისთვის რომ ჩამოსულმა ტურისტმა ზაფხულში მდინარეზე დრო გაატაროს. არადა თითოეულ მუნიციპალიტეტს ბიუჯეტიდან გარკვეული რაოდენობის თანხის გაღების შემთხვევაში, მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობა აქვს ამ სერვისის შეთავაზებით“, - ამბობს ბერეკაშვილი.

მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ ადგილობრივ მმართველობას საერთაშორისო ბაზრების მოზიდვის აპრობირებული პრაქტიკის შეცვლის ინიციატივაც მიაწოდა, რაც არ მოიწონეს.

„ვვითარდებით მხოლოდ იმით, რომ ჩვენ წავიღეთ ვარშავაში 1000 ბუკლეტით მეტი, ან 500 ბუკლეტით მეტი პარიზში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ამ გამოფენების თემაზეც 20 000 ლარს ხარჯავს ქუთაისის ტურიზმის ცენტრი პარიზში 3-დღიან გამოფენაზე ჩასასვლელად, მაშინ როდესაც შეუძლია იქ ავიყვანოთ ემიგრანტები, ან სტუდენტები - ქართველები, რომლებიც უკეთ იცნობენ ადგილობრივთა მოთხოვნებს და ენას და მიაწოდონ კონკრეტული მესიჯები მათ. ძალიან ბევრ თანხას დავზოგავთ და 3 დღე დავსვამთ ჩვენს სტენდთან სტუდენტებს, რითიც ხელს შევუწყობთ მათ პრაქტიკის გამომუშავებასაც. ჩვენ ამით უფრო მეტს მივიღებთ, ვიდრე ახლა ვიღებთ“, - აცხადებს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი.