მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: ბიზნესის დახმარების პაკეტის ათვისება დაგეგმილზე ნაკლებია

5fe076b643b29
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.20 14:26
687
გამოქვეყნდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის მიმდინარეობის შეფასება, რომელშიც IMF აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის ბიუჯეტის ათვისება ჩამორჩენით წარიმართა ეკონომიკური დახმარების პაკეტის ათვისების მიმართულებით, ხოლო სოციალური დახმარებების ათვისება კი, დაგეგმილზე მეტია.

“საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმზე დაბალი მოთხოვნის და პანდემიის შეკავების პირველი ეტაპის წარმატების გამო, ბიზნესის დახმარების პაკეტის ათვისება ბიუჯეტით განსაზღვრულზე ნაკლებია", - ნათქვამია ფონდის მიმოხილვაში.

2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომლითაც ბიუჯეტს პანდემიურ ვითარებაში კერძო სექტორის დაკრედიტებისთვის უნდა შეეწყო ხელი. პროგრამის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 330-მილიონ ლარიანი ბიუჯეტის შედეგად, კერძო სექტორისთვის 2 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის სესხების გარანტირება მოხდებოდა.

თუმცა, არსებული მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში სულ 108 მილიონი ლარის სესხები არის დამტკიცებული, გარანტირებული კრედიტების რაოდენობა კი 139-ია. შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი აუთვისებელი დარჩა.

BMG-სთან საუბარში საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რომ დაბალი ათვისების მიუხედავად, ამ პროგრამამ თავისი მისია შეასრულა. ამასთან, ასოციაცია დაბალ მომართვიანობას მოსალოდნელზე ნაკლები რაოდენობის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნებს უკავშირებს.

„იმ კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც აღნიშნული პროგრამის გაფართოება დაანონსდა (პირველი „ლოქდაუნი“), ამ პროექტმა იმუშავა. ანუ ორი მხარე იყო: ერთი - მომხმარებელი, რომელსაც სჭირდებოდა სესხის რესტრუქტურიზაცია და ამ პროექტმა მისცა შესაძლებლობა, მისულიყო ბანკთან და ესაუბრა ამ საკითხზე და არ ჰქონოდა მოლოდინი, რომ სესხის რესტრუქტურიზაციისთვის უზრუნველყოფა არ ეყოფოდა, მეორე - საბანკო სექტორისთვის ეს იყო ბანკების მხარდაჭერისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მისი ინვესტორებისთვისაც საკმადო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ პროგრამამ, ფაქტობრივად, მეტი სიმშვიდე შესძინა არა მხოლოდ მომხმარებელს და ბანკებს, არამედ - ინვესტორებს. ამდენად, რეალურად, პროგრამამ თავისი მისია შეასრულა“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

2021 წლისთვის მთავრობამ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმზე 280 მილიონი ლარით ნაკლები, 50 მილიონი ლარი გაითვალისწინა.