მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგების გამოქვეყნებას აჩერებს

61439ec3c9b99
თამთა ჯიჯავაძე
16.09.21 23:31
991
მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგების გამოქვეყნებას აჩერებს. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ამის მიზეზი გამოძიების შედეგები გახდა, რომლის მიხედვითაც, 2018 და 2020 წლის რეიტინგებში შეუსაბამობები გამოვლინდა.

როგორც მსოფლიო ბანკი აცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ შეუსაბამობებმა ეთიკური საკითხები წამოჭრა ბანკის ყოფილი თანამშრომლებისა და საბჭოს წევრების მიმართ, ბანკი ახალ მიდგომას შეიმუშავებს ქვეყნებში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად.

როგორც ცნობილია, გასულ წლებში შეუსაბამობები შეეხო ოთხ ქვეყანას: ჩინეთს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აზერბაიჯანს. 

Bloomberg-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, რომელიც ადრე მსოფლიო ბანკს ხელმძღვანელობდა, Doing Business-ის რეიტინგში ჩინეთის პოზიციის გაუმჯობესების მიზნით ზეწოლას ახორციელებდა. თუმცა, გეორგიევა აღნიშნულს უარყოფს. მსოფლიო ბანკის ცნობით, 2018 წელს ჩინეთი რეიტინგში 78-ე პოზიციაზე დასახელდა, თუმცა, 85-ე ადგილზე უნდა ყოფილიყო. 

ცნობისთვის, Doing Business-ი მსოფლიო ბანკის წევრ სახელმწიფოებში ბიზნესის დაწყების და ბიზნესის კეთების სიმარტივეს ზომავს. ამისთვის ინდექსი იყენებს ისეთ შემადგენელ კრიტერიუმებს, როგორიცაა ახალი კომპანიის გახსნისთვის საჭირო პროცედურების და პროცესების ერთიანობის შეფასება, გადასახადების გადახდისა და მათი ადმინისტრირების პროცესის შეფასება, სესხის მისაღებად საჭირო მოთხოვნების შეფასება, მინორიტარი აქციონერების უფლებების დაცვის მექანიზმების შეფასება, ქვეყნიდან საგარეო ვაჭრობის წარმოების შეფასება, ასევე კონტრაქტების აღსრულების მექანიზმებისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის შეფასება.

ნებართვების მიღების პროცესი ინდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ცალკე კრიტერიუმს წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მოპოვებისა და საკუთრების რეგისტრაციის პროცესების შეფასება.

ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებაც ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში 2020 წელს მეშვიდე ადგილს იკავებდა.