მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF და Moody’s-ი ბრიტანეთის მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიას აკრიტიკებენ

6333fd60ec382
გიორგი თოლორდავა
28.09.22 11:57
688
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ახალ ეკონომიკურ სტრატეგიასთან და $160-მილიარდიან ეკონომიკური დახმარების პაკეტთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებას საჯაროდ ავრცელებს.

IMF-ის განმარტებით, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, არ არის რეკომენდებული არატარგეტირებული, მასშტაბური ფისკალური პაკეტის დაანონსება, რომელიც, გარდა არაეფექტურობისა, შეიცავს ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავების რისკებს.

საგულისხმოა, რომ ფინანსთა მინისტრ კვასი კვარტენგის მიერ პარლამენტში ფისკალური პაკეტის წარდგენის სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმაც უაღრესად ნეგატიურად მიიღეს - ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მკვეთრად დაეცა ბრიტანული ფასიანი ქაღალდების ბირჟა, ხოლო გირვანქა სტერლინგი ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა.

ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივას ნეგატიურად აფასებს სარეიტინგო კომპანია Moody’s-ც, რომელიც კანონმდებლებს აფრთხილებს, რომ მასშტაბური ფისკალური პაკეტი ბიუჯეტის დეფიციტის გაღრმავებას, საპროცენტო განაკვეთების ზრდას და ქვეყნის მიმართ ინვესტორების დამოკიდებულების გაუარესებას გამოიწვევს.

Moody’s-ის შეფასებით, აღნიშნული პაკეტის „კრედიტ ნეგატიურია“, რომლის დამტკიცებაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზსა და საკრედიტო რეიტინგზე ნეგატიურად აისახება.

პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის გუნდის მიერ დაანონსებული დახმარების პაკეტი კოვიდპანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისის დასაძლევადაა შექმნილი და ის ბიზნესის ხელშეწყობის გზით ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ეკონომიკური პაკეტი ბრიტანეთის მოსახლეობისა და ბიზნესებისთვის გადასახადების შემცირების პროგრამასა და სახელმწიფო სუბსიდიებს მოიცავს, რაც მომდევნო ხუთ წელზე უნდა გადანაწილდეს.