მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ომის გამო ღვინის ექსპორტი შემცირდება“ - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

624711f221023
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.22 20:00
1210
„რეალურად ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, რაც ღვინის ექსპორტის კლებაში აისახება“, - ასე უპასუხა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ BM.GE-ის მიერ ქართული ღვინის ექსპორტზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესახებ დასმულ შეკითხვას.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ამ ეტაპზე რიცხვების დასახელებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ უახლოეს დღეებში პირველი კვარტლის ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების შეჯერების შემდეგ სურათი უფრო ცხადი გახდება.

„გასულ წელს ექსპორტზე 100 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა, რაც რეკორდული რაოდენობა იყო. ამიტომ საბოლოო ჯამში 2022 წელი ქართული ღვინისთვის გამოწვევებით აღსავსე და მტკივნეული წელი იქნება. რამდენიმე დღეში უკვე გავაანალიზებთ ომის გავლენის შედეგებს, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებლებში აისახება და შესაბამისად ზუსტ პროგნოზებს გავაკეთებთ, თუმცა ზოგადად ვფიქრობ, ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება“, - განაცხადა მეხუზლამ.

მისი ინფორმაციით, მარტში უკრაინაში გასაგები მიზეზების გამო ღვინის ექსპორტი სრულად შეწყდა, ხოლო ბელარუსის და რუსეთის მიმართულებით შემცირდა.

„მარტში უკრაინაში არც ერთი ბოთლის ექსპორტი არ განხორციელებულა, მკვეთრად არის შემცირებული ექსპორტი ბელარუსის და რუსეთის მიმართულებით, თუმცა გარკვეული აქტივობა ბოლო ორი ქვეყანაში ნარჩუნდება. ეს არსებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარეობს. კონტრაქტების დასრულების შემდეგ კომპანიები გადაწყვეტენ გააგრძელონ თუ არა რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით ექსპორტი. ამ პირველი ტალღის შემდეგ ექსპორტი შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, რადგან შესაძლოა ახალი ვალდებულებების აღება აღარ მოხდეს“, - განმარტა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველომ 11.263 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტით 33 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ქვეყნიდან გატანილი ღვინის მოცულობა აღემატება როგორც 2020-2021 წლების იანვარ-თებერვლის, ასევე პანდემიამდე არსებული ამავე პერიოდის მაჩვენებელს. (2019 წ. – 10.729 ლიტრი; 2020 წ. – 8.923 ლიტრი; 2021 წ. - 7.652 ლიტრი).

რაც შეეხება გასული წლის ღვინის ექსპორტის მაჩვენებელს, 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის ცნობით, ქვეყანამ ყურძნის ნატურალური ღვინოების რეალიზებით 239.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ქართულმა ღვინომ საექსპორტო საქონლის TOP-10-ეულში მეოთხე ადგილი დაიკავა. ღვინის უმთავრესი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო (130 .7 მლნ დოლარი), მეორე ქვეყანა უკრაინა (25.1 მლნ დოლარი), მესამე - ჩინეთი (16.2 მლნ დოლარი), მეოთხე - პოლონეთი იყო, საექსპორტო ბაზრების TOP-5-ეულს კი ბელარუსი ხურავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სახელმწიფომ ღვინის ექსპორტიორი კომპანიების მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც დსთ-ს ქვეყნების გარდა, საექსპორტო ქვეყნებში კომპანიების მარკეტინგულ ხარჯებს 2023 წლიდან დაასუბსიდირებს. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ცნობით ომის გამო გარკვეული ცვლილებები მაისამდე განხორციელდება. აღსანიშნია, ისიც რომ 2021 წელს საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 441-მა კომპანიამ განახორციელა.