23.სექტემბერი .2021 13:00

IMF-ი მთავრობას აფრთხილებს - ფისკალური რეფორმების გარეშე ბიუჯეტს თავისუფალი სივრცე არ რჩება

IMF-ი მთავრობას აფრთხილებს - ფისკალური რეფორმების გარეშე ბიუჯეტს თავისუფალი სივრცე არ რჩება
views 589
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. 84-გვერდიან დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას.

ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც ანგარიშში არის საუბარი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაა, რაც ფართომასშტაბიან ფისკალურ რეფორმასთან ერთად უნდა განხორციელდეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ხარჯები არსებული პროგნოზების მიხედვით პანდემიამდელ პერიოდს აღარ დაუბრუნდება, ხოლო მზარდი სოციალური და განათლების ხარჯები ბიუჯეტის ფისკალურ სივრცეს ამცირებს. ამ ფონზე, IMF-ი მთავრობას სახელმწიფო საწარმოების ფართომასშტაბიანი რეფორმის და სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განხორციელების ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

“ბიუჯეტს აქვს საკმაოდ მცირე სივრცე იმისთვის, რათა ხარჯების შემცირება და ფისკალური სივრცის გამოთავისუფლება მოხდეს. საბაზო პროგნოზის მიხედვით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები პრე-პანდემიურ პერიოდზე მაღალი იქნება. ამასთან მთლიან ხარჯებში კაპიტალური ხარჯების წილიც შემცირდება, ხოლო საპენსიო და განათლების ხარჯები კი მშპ-სთან მიმართებით გაიზრდება. საპროცენტო ხარჯები 2022 წელს შემცირდება, თუმცა მომდევნო პერიოდში კვლავ გაიზრდება, რაც ქვეყნის მიერ შიდა ვალის უფრო აქტიურად ათვისებასთან იქნება დაკავშირებული. შიდა ვალის ზრდა ერთი მხრივ ფისკალურ რისკებს შეამცირებს, თუმცა მას უფრო მაღალი ღირებულება აქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო. ამასთანავე, ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით მართალია შემცირდება, მაგრამ ის მაინც უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდება, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში იყო. ეს ყველაფერი ჯამში ტოვებს უფრო მცირე სივრცეს ხარჯების შემცირებისთვის.

ფისკალური რეფორმების გაგრძელებაა საჭირო, რათა ფინანსური თვალსაზრისით ბიუჯეტში უფრო მეტი სივრცე გაჩნდეს, რამაც ქვეყანა მომდევნო შოკების მიმართ უფრო მდგრადი უნდა გახადოს. პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა განეკუთვნებოდეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა, რათა ხარჯების ოპტიმიზირება მოხდეს, ასევე უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტიანობა და დაინერგოს სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების მენეჯმენტის (PIM) პლატფორმა, რითიც უნდა მოხდეს პროექტების განხილვის და შერჩევის სტანდარტიზაცია. მნიშვნელოვანია ჩატარდეს სახელმწიფო საწარმოების ფართომასშტაბიანი რეფორმა,”- ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სავალუტო ფონდი ხედავს რისკებს რეკორდულად გაზრდილ ბიუჯეტში და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს დაფინანსების უფრო მდგრადი მოდელის ფორმირებაა აუცილებელი.

2021 წლის განახლებული ბიუჯეტით, სახელმწიფო ხარჯები რეკორდულად დიდია და 19.5 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან უშუალოდ გადასახადებით 11 მილიარდის დაფინანსება ხდება, ხოლო ვალების მეშვეობით კი 5 მილიარდის დაფინანსება. შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 6.2% იქნება. მართალია მომდევნო წლებში სახელმწიფოს პანდემიური ხარჯები აღარ ექნება დასაფინანსებელი და ბიუჯეტის დეფიციტიც მშპ-ის 3%-მდე უნდა შემცირდეს, მაგრამ IMF-ის შეფასებით, მისი სტრუქტურა და მოცულობა აღარ იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო, ამის გათვალისწინებით კი სავალუტო ფონდი მთავრობას ხარჯების ეფექტიანობის გაზრდისკენ და ფისკალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა