მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის ახალი პროგრამა დამატებითი თანხების მიღებას არ ითვალისწინებს - გვენეტაძე

61b07087361fa
ინგა მურუსიძე
08.12.21 12:43
670
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა დამატებითი თანხების მიღებას არ ითვალისწინებს.

ასე უპასუხა მან კითხვას იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები ექნება სებ-ს, იმ შემთხვევაში, თუკი სავალუტო ფონდის პროგრამა დაფინანსების გარეშე დაიწყო და საჭიროების შემთხვევაში,  შესაძლებელი იქნება თუ არა თანხის მოთხოვნა.

„წინა პროგრამის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ისესხა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან თანხები, როგორც ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, ასევე ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შესავსებად, თუმცა ამ ეტაპზე, არ მოიაზრება თანხის ათვისება ანუ ეს იქნება ისეთი პროგრამა, რომ თუკი თანხების ათვისების საჭიროება გახდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თანხა მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო ეს პროგრამა, ის არ ითვალისწინებს დამატებითი თანხების მიღებას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. 20 ნოემბერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონისა და მისიის წევრებს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები.

IMF-ის მისია საქართველოში 6 დეკემბრამდე იმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი რეფორმების განხორციელების ვალდებულებას აიღებს საქართველო IMF-ის ახალი პროგრამის ფარგლებში. სავარაუდოდ, აღნიშნულ რეფორმებს შორის სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაცია და გამჭვირვალობის ზრდა კვლავ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.