მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"IMF-ის ბორდის ყველა წევრმა ერთხმად აღნიშნა, რომ ინფლაციას ყურადღება უნდა მიაქციოთ"

5eb5b85ca71b4
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 00:15
1213
“საქართველომ ინფლაციურ მოლოდინებს თვალი უნდა ადევნოს,”- ამის შესახებ გადაცემაში “ანალიტიკა” საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სელიმ ჩაქირმა განაცხადა.

IMF-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ 1 მაისს, როდესაც საქართველოსთვის გადაუდებელი დაფინანსების გამოყოფის შესახებ წარდგენილი წინადადება დამტკიცდა, ფონდის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრმა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო ჩართული, აღნიშნა, რომ აუციელებლია შენარჩუნდეს ძალისხმევა, რომ ინფლაციური მოლოდინების ზრდა თავიდან იყოს აცილებული.

“ინფლაციურ მოლოდინებს თვალი ყურადღებით უნდა ვადევნოთ. როდესაც ჩვენმა აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს საკითხი განიხილა - ეს იყო პირველ მაისს - საქართველომ ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო - პროგრამას ბორდის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა. ერთი საკითხი, რაზეც პრაქტიკულად ყველამ თქვა, რომ საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს - ეს იყო ინფლაცია.

ვნახეთ რიცხვებიც - 6.1%-დან ინფლაცია 6.9%-მდეა გაზრდილი.

ამდენად საქართველოს ეროვნულ ბანკს სჭირდება, რომ დააბალანსოს ინფლაციური ზეწოლა, რაც ძირითადად ლარის გაუფასურებიდან მომდინარეობს და მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ნაწილობრივ სურსათის ფასების ზრდიდანაც, რაც ასევე ჩანდა რიცხვებში. ამის პარალელურად, მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული. ეს ორი ფაქტორია, რომელიც განსხვავებული მიმართულებით იმოქმედებს ინფლაციაზე.

ჩვენ სრულად ვენდობით საქართველოს ეროვნულ ბანკს მათ ანალიზში - ვფიქრობთ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება ამ წლის ბოლოსკენ, თუმცა 3%-ის მიღწევას დრო დასჭირდება, პროცესი ალბათ გადავა 2021 წელს.

ამდენად, რამდენადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ასევე ვხედავთ, რომ ზეწოლა ინფლაციაზე იზრდება და ამ პროცესს თვალი ყურადღებით უნდა ვადევნოთ,”- ამბობს სელიმ ჩაქირი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორი დღის წინ მოენტარული პოლიტიკის მაისის თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ინფლაციის შესახებ სებ-ის განახლებული პროგნოზია წარდგენილი.

ახალი პროგნოზით ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ზემოთ დარჩება უფრო მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.

“მარტში წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდა, აპრილში კი 6.9 პროცენტამდე გაიზარდა. ამავე დროს, საგარეო და შიდა მოთხოვნის მოსალოდნელი მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციის შემცირებას განაპირობებს. არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი, თუმცა, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება,”- განახლებული პროგნოზის წარდგენის დროს განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.