მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება - როგორ გაიზრდებიან მეზობლები?

5dbd4e4467084
ირაკლი მაკალათია
02.11.19 15:23
2053
საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი, ოქტომბრის პროგნოზის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 4.6%-ია. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, IMF წელს სომხეთში 6%-იან ზრდას ელოდება, აზერბაიჯანში - 2.7%-ს, რუსეთში - 1.1%-ს, ხოლო თურქეთში - 0.2%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

ამავე პროგნოზის მიხედვით, მომდევნო 2020 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის შეადგენს 4.8%-ს, სომხეთისთვის - 4.8%-ს, თურქეთისთვის - 3.0%-ს, აზერბაიჯანისთვის - 2.1%-ს, რუსეთისთვის კი - 1.9%-ს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო მონაცემებს ადგენენ სსფ-ის კონკრეტული ქვეყნების ოფისების თანამშრომლები და ეყრდნობა მათ მიერ მოპოვებულ განვლილი პერიოდების მონაცემებს.

გთავაზობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშების ძირითად საკითხებს აღნიშნულ ქვეყნებზე.

აზერბაიჯანი (18.10.2019) - აზერბაიჯანის ეკონომიკამ დაიწყო ზრდა საბანკო კრიზისისა და რეცესიის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო ნავთობის ფასების ხანგრძლივი ვარდნით (2014 წლის მეორე ნახევრიდან); მიუხედავად სახელმწიფო ხარჯების ზრდისა, იგეგმება ფისკალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც ძირითადად მოხდება ნავთობის მდგრადი ფასებისა და შემოსავლების ადმინისტრირების ხარჯზე. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საბანკო სისტემის სუსტი განვითარება, სახელმწიფოს ინსტიტუციური მმართველობის ხარვეზები აფერხებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს.

სომხეთი (05.06.2019) – 2014-2016 წლების რეგიონული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების შემდეგ, სომხეთში გაუმჯობესდა ეკონომიკური პოლიტიკა. დაიწყო სახელმწიფო ვალის შემცირება და ინფლაციის კონტროლი. ფინანსური სისტემა ინარჩუნებს სტაბილურობას, თუმცა ქვეყნის გამოწვევად და დასაძლევ პრობლემად კვლავ რჩება კორუფციის მაღალი დონე და სუსტი ბიზნეს გარემო, რაც აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. გამოწვევად რჩება სიღარიბე და უმუშევრობა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ეკონომიკა დაუცველია გარე ფაქტორების ზეგავლენისგან და მიუხედავად შემცირებისა, სახელმწიფო ვალი მაინც მაღალ დონეზეა ქვეყანაში.

რუსეთი (02.07.2019) - სსფ დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს. პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების გამო ქვეყანას აქვს საშუალო ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა. ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ განახორციელა პოლიტიკურად ისეთი რთული რეფორმები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა და დღგ-ის გაზრდა, ასევე გაცხადდა სახელმწიფო ხარჯების ზრდა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. შეფასებაში ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად დასახელებულია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულირების ძალიან მაღალი დონე და ინსტიტუციონალური მმართველობის სისუსტე.

თურქეთი (30.04.2018) - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თურქეთზე ბოლო ანგარიში გასულ წელს წარმოადგინა, სადაც წერია, რომ 2017 წლიდან ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყანაში 2016 წლის გადატრიალების მცდელობას და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. არ არის ჩამოყალიბებული და გამართული მონეტარული პოლიტიკა, მისი სანდოობაც დაბალია, ხოლო განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას, რაც აისახება კიდეც ქვეყანაში მაღალ ინფლაციასა და დევალვაციაში.

საქართველო (28.06.2018) - გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, სსფ დადებითად აფასებს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ქვეყანაში და მიანიშნებს რეგიონში ეკონომიკის მაღალ ზრდაზე. საბანკო სექტორის მუშაობა ხასიათდება სტაბილურობით და გაზრდილია უცხოური სავალუტო რეზერვები. 2014 წლიდან მომდევნო 2-წლიანი დაბალი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, აღინიშნება ეკონომიკური ზრდის ტემპის მატება და საგარეო პოზიციების გაძლიერება, ხოლო 2019-2020 წლებში პროგნოზირებენ ეკონომიკური ზრდის ზომიერ დაჩქარებას.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პროგნოზით, პოსტსაბჭოთა სივრციდან ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდები აქვთ უზბეკეთს (6.0%) და თურქმენეთს (6.0%), ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა კი - ბელარუსს (0.3%).