მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის შეფასებით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების რეგულირება - სებ

5f51e5629f81c
BM.GE
04.09.20 10:52
589
"ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას ემსახურება", - ასე აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შეფასების დოკუმენტში, რომელიც ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადდა და დღეს გამოქვეყნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეროვნულ ბანკს გასული წლის ნოემბერში სტუმრობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრესრელიზს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის პრუდენციული რეგულირება და ზედამხედველობა.

"ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია", - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების დოკუმენტში.

მისიის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაცემთა შეგროვების, დისტანციური ზედამხედველობისა და ადგილზე შემოწმების პროცესები, რის შედეგადაც გაძლიერდა არასაბანკო სექტორის საზედამხედველო ჩარჩო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესდა კაპიტალის და ლიკვიდობის მინიმალური მოთხოვნები და გაიზარდა გამჭვირვალობის სტანდარტი. არასაბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეროვნული ბანკის რეგულირების წესები და საზედამხედველო ჩარჩო შესაფერისია და ხელს უწყობს სექტორის რეპუტაციის გაუმჯობესებას.

სებ-ის ცნობით, აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში არასაბანკო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებულმა ძირეულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა რისკები და სექტორი საგრძნობლად გააჯანსაღა. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის პუნქტებს, ისე ბაზრის იმ სეგმენტს, რომელიც წლების განმავლობაში საფინანსო საქმიანობას რეგულირების გარეშე ეწეოდა, მაგალითად სესხის გამცემი სუბიექტებს. აღნიშნული ცვლილებები ხელს უწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას. სწორედ სექტორის გაჯანსაღებამ მისცა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება, რომ პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ლიკვიდობის მხარდამჭერი პროდუქტები შეექმნა. 2-3 წლის წინ - სექტორის რეგულირების არქონის პირობებში - ეს შეუძლებელი იქნებოდა.

"მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობის წინსვლა ხელს უწყობს როგორც ამ ორგანიზაციების რეპუტაციის ამაღლებას, ისე სანდოობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთათვის," - აღნიშნულია შეფასების დოკუმენტში.