23.სექტემბერი .2019 16:38

IMF: მოკლე ვადაში საქართველოში ინფლაციაზე ზეწოლა გაძლიერდება

views 362
უკან

ექსკლუზიური ინტერვიუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელ მერსედეს ვერა-მარტინთან, რომელიც გადაცემა „ანალიტიკის" ავტორმა და წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა ჩაწერა.

- ქალბატონო მერსედეს, დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩემს შეკითხვებს. პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რას მიაღწია საქართველომ 2012 წლის შემდეგ და სად არის მთავარი გამოწვევები. დეტალურ SWOT ანალიზს აქ არ გთხოვთ, ცხადია, მაგრამ რა არის ყველაზე თვალში მოსახვედრი ამ მიმართულებით?

- ჩვენთვის მთავარი მიღწევაა, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების გატარება. საქართველოს ეკონომიკა დღეს უფრო კონკურენტულია და დივერსიფიცირებული - ტურიზმის განვითარებას თუ შევხედავთ ან სოფლის მეურნეობას. ასევე ვხედავთ წინსვლას სტრუქტურულ რეფორმებში, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური პერსპექტივის გაუმჯობესებაში - მაგალითად: საპენსიო რეფორმა, რომელმაც უნდა დააგროვოს დანაზოგები; განათლების რეფორმა, რომელიც აუცილებლად გასატარებელია.

რაც შეეხება მთავარ გამოწვევას, უფრო გლობალური ეკონომიკის ჭრილში ვხედავ - ნავთობის ფასები იზრდება მთელ მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალურ ეკონომიკას ექნება გავლენა საქართველოზე, ამიტომ საშუალოვადიან პერიოდში, ვფიქრობ, მთავარი იქნება სტრუქტურულ რეფორმებზე აქტიური მუშაობა - განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული დანაკლისის შევსება, ძირითადი გზების მშენებლობა - იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ინფრასტრუქტურული ჰაბი - განათლების რეფორმა - იმისთვის, რომ ბაზრისთვის საჭირო ცოდნები და უნარები მიიღოს მუშახელმა და ამ გზით გაიზარდოს დასაქმება, განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდების. ამ ეკონომიკას სჭირდება კერძო ინვესტიციები, ინვესტორთა ნდობის გაძლიერება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყოს.

- ბევრი დონორი ამბობს, რომ სასამართლო რეფორმა აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, რომ ინვესტორებმა თავი დაცულად იგრძნონ - რას ფიქრობს ამ თემაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი?

- ჩვენც მათ შორის ვართ, ვისაც ესმის ამ რეფორმის მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია გესმოდეს თამაშის წესები, როცა გადაწყვეტილებას იღებ, რომ ხანგრძლივი ვადით დააბანდო შენი ფული ამ ქვეყანაში. ჩვენ მათ შორის ვართ, ვინც მივიჩნევთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა გაიზარდოს, უნდა იყოს სპეციალური სასამართლოები საერთაშორისო დავებისთვის, ამუშავდეს საარბიტრაჟო მექანიზმი და ამ მიმართულებით გარკვეული ძვრებიც იყო, რომ ყველა ბიზნესდავა მაინცდამაინც სასამართლოში არ ხვდებოდეს. გამართული სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია - ყველა ტიპის ინვესტორისთვის ამ ქვეყანაში.

- დიდი მადლობა და თქვენს პასუხს ჩემს შემდეგ კითხვამდე მივყავართ: ახდენს თუ არა მთავრობის ხშირი ცვლილება გავლენას თქვენს საქმიანობაზეც მათ შორის - რამდენად სტაბილური და განგრძობითია რეფორმები - მაგალითად თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე კომერციული პალატების შექმნის პროცესი სწორედ მთავრობის ხშირი ცვლილების გამოც დღემდე ვერ დასრულდა..

- ბოლო 3 წლის განმავლობაში მართლაც ბევრი ცვლილების მომსწრე ვარ. მართალი ხართ, მთავარი რეფორმების სტაბილურობაა და ამ კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო გამოცდილება გვაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას ყველა მთავრობა აგრძელებს და ჩართულობაც მაღალია. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება.

- თუმცა, გასაგებია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, რატომ ტოვებენ პოსტს ამ ქვეყნის პრემიერმინისტრები, რომლებიც ამბობენ, რომ საკუთარ საქმიანობას მხოლოდ დადებითად აფასებენ და მიღწევებიც აქვთ?

- ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია და ჩვენ ამაზე კომენტარს არასდროს ვაკეთებთ. ჩვენ გრძელვადიანად ვთანამშრომლობთ მთავრობებთან, როგორც წესი, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, ძირითადად, პრუდენციული მაკროეკონომიკური პოლიტიკის და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით. თუ ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას ვერ ვხედავთ, ჩვენ ვაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას საბოლოო შედეგის მისაღწევად.

- მაგრამ დემოკრატია თქვენთვის მთავარი ღირებულებაა, არა? კარგი... რატომ ეხმარებით საქართველოს და რამ შეიძლება ეს მხარდაჭერა ეჭვქვეშ დააყენოს?

- ჩვენ ყველა წევრ სახელმწიფოს ვეხმარებით. თუმცა მხარდაჭერის სხვადასხვა გზა გვაქვს: ფინანსური მხარდაჭერა და ასევე, ყოველწლიური შეფასებები - როდესაც ვაფასებთ, სად არის ეკონომიკური განვითარების მთავარი გამოწვევები, რა იქნებოდა ამ გამოწვევის ადეკვატური პოლიტიკა და რა შედეგის მიღწევას შევძლებთ საშუალო ვადაში. რაც შეეხება საქართველოს, აქ ჩვენ 2017 წლიდან მთავრობის თხოვნით კონკრეტული პროგრამის ფარგლებში ვუჭერთ მხარს საქართველოს სტრუქტურული რეფორმების გაძლიერების და პრუდენციული მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს იმით, რომ უნარების გაძლიერების მიმართულებითაც ვართ ჩართულები. საქართველო ტექნიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღებია და ეს თანამშრომლობა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ძალიან ნაყოფიერი და ეფექტურია.

- მთავრობის თხოვნა თუ მოთხოვნა ახსენეთ და ორი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. მთავრობა ამბობს, რომ დეფიციტის შესამცირებლად თქვენ ურჩიეთ მთავრობას აქციზის ზრდა. ამას მოჰყვა ინფლაციის ზრდა და ასევე, საკმაოდ არასახარბიელო რიცხვები კონტრაბანდასთან დაკავშირებით. რჩევის გაცემისას, რამდენად აანალიზებთ იმ გვერდით ეფექტებს, რაც შეიძლება თქვენი რეკომენდაციის დაკმაყოფილებას მოჰყვეს?

- როდესაც პროგრამას განვიხილავდით, მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა, კაპიტალური ხარჯების ზრდაზე. ობექტურად, ნამდვილად არის ინფრასტრუქტურული განვითარების აუცილებლობა - იქნება ეს ცენტალური მაგისტრალი, თუ ჩრდილო-დასავლეთის კორიდორი, რომელიც ვაჭრობას კიდევ უფრო გაამარტივებს და გაზრდის, მაგრამ ასევე - ისეთი გზებიც, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომს გახდიან განათლების მიღებას, სხვდასხვა საჯარო სერვისებით სარგებლობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წყლის მენეჯმენტის გაძლიერება - ხელმისაწვდომი რომ გახდეს ხარისხიანი წყალი. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ მაღალი სტანდარტის სკოლები უნდა აშენდეს. ამ ყველაფერზე არსებობს მოთხოვნა. და ამ ყველაფერს სჭირდება დაფინანსება. პრიორიტეტები გამოკვეთილია, მაგრამ ფული ამ ყველაფერს არ ყოფნის. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი რესურსების მოძიება. ამდენად, მთავრობასთან დისკუსიისას და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების აქტი ზღუდავს გადასახადების გაზრდას, სადაც გამონაკლისი აქციზის გადასახადია, ჩვენ ეს რეკომენდაცია გავეცით, როგორც ერთი გამოსავალი.

გეთანხმებით, რომ აქციზის გადასახადს მოჰყვა გვერდითი მოვლენები, მათ შორის, კონტრაბანდის ზრდაც, მოჰყვა ასევე მოთხოვნის ზრდა განსხვავებული ტიპის პროდუქტებზე - მაგალითად, დაჭრილი თამბაქოს მიმართულებით და ახლა ამ თემაზე მიდის დისკუსია. რა თქმა უნდა, ამასაც შესაბამისი პასუხი უნდა მოჰყვეს.

- კიდევ ერთი მაგალითი: ეროვნულ ბანკს ურჩიეთ, რომ რეზერვები გაეზარდა. ბანკმა რეზერვები მაშინაც შეისყიდა, როცა ლარი უფასურდებოდა, რამაც გამოიწვია დიდი დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გახდა დამატებითი წნეხი ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის. საინტერესოა, როდესაც ამ ტიპის რეკომენდაციებს გასცემთ, აანალიზებთ თუ არა ქვეყნის სპეციფიკას, თუ ეს ის რჩევებია, რასაც თეორია გვასწავლის?

- ჩვენი მიდგომა ძალიან პრაგმატულია. ძალიან დეტალურად ვეცნობით ქვეყანას, რომელსაც მხარდაჭერას ვუცხადებთ, ამდენად, ეს არ არის მზა სახელმძღვანელოს რეკომენდაციები, რომლებსაც გავცემთ. ამას გარდა, ყველა მიდგომას დეტალურად განვიხილავთ მთავრობასთან. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ეს მთავრობის საქმეა, მათ ჩვენზე უკეთ იციან, რა სჭირდება ქვეყანას. ჩვენ რჩევებით ვამარაგებთ და რეკომენდაციას ვუწევთ იმ გზებს, რა გზითაც ჩვენ ვფიქრობთ რომ საუკეთესო შედეგის მიღწევა შეიძლება. არჩევანი მათზეა.

რაც შეეხება რეზერვების თემას: როდესაც ამ თემის შესწავლა დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ გარე ბუფერების დონე იყო ძალიან დაბალი. ეს არის ეკონომიკა, რომლის ზრდაც ძალიან არის დამოკიდებული გარე მოთხოვნაზე. აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ გამძლეა გარე შოკების მიმართ, მაგრამ გვინდოდა, რომ ეს მედეგობა კიდევ უფრო მეტად გაგვეზარდა. დამოკიდებული ხართ ექსპორტზე, ძალიან გვიხარია ასოცირების დღის წესრიგის გააქტიურება და ა.შ. მაგრამ მოცემულობა ასეთია - თუ მეზობლები ნაკლებად გაიზრდებიან, თქვენც ნაკლებად გაიზრდებით. ამისთვის არის საჭირო ადეკვატური რეზერვები - ბუფერი, რომ შემცირდეს შოკის დარტყმა. რეზერვების შევსება ამის კარგი საშუალებაა.

ჩვენი მიდგომის ამოსავალი იყო, რომ ან ეკონომიკური ზრდის შემცირებით უნდა მოერგო გარე შოკების გავლენას, ან - შექმნა ბუფერი, რომელიც ასეთ დროს დაგიცავს. პირველი გზა ჩვენი შეფასებით მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტად მტკივნეული იქნებოდა, რადგან ისინი დაკარგავდნენ სამუშაოს და შემოსავალს.

- ინვესტორთა ნდობა ვახსენეთ ჩვენი ინტერვიუს განმავლობაში და ვხედავთ, რომ მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა მართლა კრიტიკას ვერ უძლებს. რას ფიქრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი - შეგვიძლია ამ რიცხვებით ვიმსჯელოთ, მათ შორის, ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმზიდველობაზე?

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში გარემო ბიზნესის წარმოებისთვის საგრძნობლად გაუმჯობესდა და ეს მიღწევა სხვა ქვეყნებთან შედარებით ნამდვილად შთამებჭდავია. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მთელ მსოფლიოში, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მმართველობა, მობილიზდეს შემოსავლები და დაინტერესდნენ ინვესტორები - მაგრამ მეტის გაკეთება ცხადია შესაძლებელია. მაგალითად: გაუმჯობესდეს გაკოტრების კანონმდებლობა; განვითარდეს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრები; ქვეყანაში გაიზარდოს დანაზოგების დონე; მეტი ნდობა ამ ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, ქვეყანაში მეტ ინვესტიციას შემოიტანს.

დიახ, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა დაიკლო, მაგრამ აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: მილსადენის პროექტი დასრულდა - ამდენად, ეს შემცირება ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. მეორე მხრივ, მიგვაჩნია, რომ სტრუქტურული რეფორმები ბოლომდე უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინვესტორთა ნდობა გაიზარდოს და გამყარდეს. რამდენიმე საინტერესო პროექტი უკვე არსებობს, რისკენაც შეიძლება იყოს მიმართული უცხოელი ინვესტორების ყურადღება.

- დიახ. ფიტჩის სარეიტინგო სააგენტომ ასეთად პირველ რიგში ანაკლიის პროექტი დაასახელა, რომელიც დღეს გაჩერებულია...

- პორტები, ელექტროენერგეტიკული სექტორი, სასოფლო-სამეურნეო სექტორი, ტურიზმი - ყველა ეს დარგი საინტერესოა ინვესტირებისთვის.

- რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია საქართველოსთვის - რას უნდა მიაქციოს ყურადღება მთავრობამ განსაკუთრებით. საარჩევნო წელია და პოპულისტურ გადაწყვეტილებებს სავარაუდოდ ამ წელსაც ვერ ავცდებით..

- მოკლე ვადაში ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაციაზე ზეწოლა გაძლიერდება. ამ პროცესის მართვა, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ფასების გაძვირებას გავლენა, პირველ რიგში, ღარიბ მოსახლეობაზე აქვს. ამასთან, საქართველომ უნდა განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება.

- როგორ აჯამებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და როდის აპირებთ კიდევ ჩამოსვლას?

- ტექნიკური ვიზიტი იყო. ჩამოვედით, რომ კიდევ ერთხელ შეგვეფასებინა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და ის გარე შოკები, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკაზე. ამ დროისთვის სამი ძირითადი დასკვნა გვაქვს: ზრდა საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა უძლებს იმ შოკებს, რაც გარედან მომდინარეობს. ბუფერები აქვს. მაკრეოკონომიკური დისციპლინა ადგილზეა. ის გარემოა, რომელიც არ გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკური ზრდა დრამატულად უნდა შემცირდეს.

- და ეს მიუხედავად რუსეთის ემბარგოსა და რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირებისა?

- დიახ. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ შევცვალოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ვტოვებთ მას 4.6%-ის ნიშნულზე. რა თქმა უნდა, ტურიზმის რიცხვები ისეთი არ არის, როგორის მოლოდინიც თავიდან გვქონდა, ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებლიდან იწყებოდა ათვლა, არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს, ტურისტების კლებას გავლენა საერთოდ არ ჰქონია, შოკს რა თქმა უნდა თავისი გავლენა აქვს - მაგრამ ამის საპირისპიროდ სხვა მაჩვენებლებია გაუმჯობესებული, რაც სურათს საერთო ჯამში აბალანსებს - ექსპორტის და გადმორიცხვების ზრდა, იმპორტის შემცირება. მიმოხილვისთვის ოქტომბერში ჩამოვალთ და მაშინ გადაწყდება უკვე მათ შორის, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერის გაცემაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა