მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: პანდემია გლობალურ მშპ-ს $22 ტრილიონით ამცირებს

601128e5440e7
თათია კაკიაშვილი
27.01.21 22:00
774

გლობალური ეკონომიკა 2020 წლიდან 2025 წლამდე კორონავირუსის პანდემიის შედეგად, $22 ტრილიონს დაკარგავს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„დაგროვილი გამომუშავებული შემოსავლების დანაკარგი 2020-2025 წლებში, პანდემიის საპროგნოზო დონესთან შედარებით, მნიშვნელოვნია. ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შედეგებს მოიტანს ვაქცინები პანდემიის აღმოსაფხვრელად და, ასევე, მნიშვნელოვანია პოლიტიკაც, რამდენად ეფექტურად მოხდება მოსახლეობის დახმარება”, - განუცხადა სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, გიტა გოპინათმა ჟურნალისტებს მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის (WEO) პრეზენტაციაზე.

DW წერს, რომ დაგეგმილი ზრდის აღდგენა წელს პანდემიით ჩამოშლილი ეკონომიკის შედეგია, რამაც მწვავე უარყოფითი გავლენა იქონია ქალებზე, ახალგაზრდებზე, ღარიბებზე, არაფორმალურად დასაქმებულებსა და მათზე, ვინც სპეფიციკურ და პანდემიის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში მუშაობს.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, დანაკარგების მიუხედავად, 2021 წელს ვაქცინების გავრცელება, დიდი ალბათობით, ხელს შეუწყობს უფრო მზარდ გლობალურ ეკონომიკურ აღდგენას. ეკონომიკური შეფერხების მხრივ, 2020 წელი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე ცუდი პერიოდი აღმოჩნდა გლობალური ეკონომიკისთვის, რომლის ზრდასაც ანალიტიკოსები და ეკონომისტები წელს, სავარაუდოდ, 5.5%-ით პროგნოზირებენ. ახალი მაჩვენებელი, სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზთან შედარებით, 5.2%-ით გაზრდილია და 2010 წლის შემდეგ გლობალური ზრდის ყველაზე სწრაფ მაჩვენებელს აღნიშნავს.

ამასთან, გოპინათის თქმით, პანდემიით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად, მსოფლიოს ეკონომიკას მთავრობების დახმარება დასჭირდება და ვირუსის მუტაციების გავრცელებამ ეკონომიკური ზრდის პროცესი შესაძლოა, კიდევ უფრო შეანელოს.

„გამოჯანმრთელების მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში, რაც დამოკიდებულია სამედიცინო ხელმისაწვდომობაზე, პოლიტიკის მხარდაჭერის ეფექტურობაზე და კრიზისულ სტრუქტურულ მახასიათებლებზე“, - წერია მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში.

დღემდე კორონავირუსმა 2 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და მსოფლიო მასშტაბით თითქმის 99 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ქვეყნები ამჟამად ვაქცინაციის პროცესის ამოქმედებას ჩქარობენ, ხოლო ექსპერტები ამბობენ, რომ ინოკულაციის გლობალური პროცესი შესაძლოა, 2022 წლამდე გაგრძელდეს.