17.სექტემბერი .2019 11:42

IMF: "საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია"

views 371
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინის შეხვედრაზე აღინიშნა. ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

საუბრისას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მიმდინარეობა და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სტრუქტურულ რეფორმებზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მიმართულია ფისკალური მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ.

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და საქართველოს მთავრობის სახელით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია.

„მივიჩნევთ, რომ გაუარესებული გარე ფაქტორების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკამ საკმარისი გამძლეობა აჩვენა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია", - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს შემდეგი ვიზიტით ოქტომბერში ეწვევა.