მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF რუსეთ–უკრაინის ომის გამო გლობალურ ეკონომიკაზე "მძიმე გავლენებს" პროგნოზირებს

62245737e545b
სალომე მეცხვარიშვილი
06.03.22 10:38
1005
საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთ–უკრაინის ომის გამო გლობალურ ეკონომიკაზე "მძიმე გავლენებს" პროგნოზირებს. IMF–ის აღმასრულებელი საბჭო 4 მარტს შეიკრიბა და რუსეთ–უკრაინის ომის ეკონომიკური გავლენების შესახებ ისაუბრა, ასევე განიხილეს ქვეყნებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების საკითხები. შეხვედრის შესახებ პრერელიზს სავალუტო ფონდი ავრცელებს.

IMF აღნიშნავს, რომ უკრიანის ომის შედეგები უკვე სახეზეა: იღუპებიან ადამიანები, ასევე ნადგურდება უკრაინის ინფრასტრუქტურა. მილიონზე მეტი დევნილი უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ნაწილდება. ასევე რუსეთის მიმართ დაწესებული და დაანონსებულია უპრეცენდენტო სანქციები.

სავალუტო ფონდი მიუთიტებს, რომ სანამ სიტუაცია არაპროგნოზირებადია, ეკონომიკური შედეგები უკვე ძალიან სერიოზულ სახეს იღებს: გაზრდილია ფასები როგორც ენერგომატარებლებზე, ასევე ფართო მოხმარების პროდუქტებზე, როგორებიცაა ხორბალი და სხვა მარცვლეული. IMF აღნიშნავს, რომ ამას ემატება ინფლაციური წნეხი, რომელიც თავის მხრივ მიწოდების ჯაჭვებში არსებული შეფერხებებით არის გამოწვეული კოვიდ–19-ის გამო.

"ფასების შოკური ზრდა მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით ღარიბ მოსახლეობაზე აისახება, რომელთა დანახარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ საკვებსა და საწვავზე მოდის. თუ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა ეკონომიკური ზიანი უფრო მეტად დამანგრეველი იქნება. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არსებითი გავლება ექნება გლობალურ ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებზე, ვნახავთ გადადინებებს სხვა ქვეყნებზეც”,– აცხადებენ IMF–ში.

სავალუტო ფონდი წერს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს მოუწევთ, ძალიან ფრთხილად დააკვირდნენ და იმოქმედონ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ფასების ზრდის წინააღმდეგ.

"ფისკალურმა პოლიტიკამ უპირველეს ყოვლისა მხარი უნდა დაუჭიროს და დაეხმაროს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, რათა ფასების ზრდისგან დაიცვას",– წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინისთვის ზიანი უკვე სერიოზულია. პორტები და აეროპორტები დახურული და დაზიანებულია, უამრავი გზა და ხიდი განადგურებული, შესაბამისად, უკრაინას დიდი რესურსი დასჭირდება ამ ყველაფრის აღსადგენად.

"უკრაინამ უკვე მოითხოვა დაფინანსება 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით IMF–ის სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის ფარგლებში. აღნიშნული მოთხოვნის განხილვას აღმასრულებელი საბჭო მომდევნო კვირაში გეგმავს",– წერია პრესრელიზში.

აქვე აღნიშნულია, რომ დაწესებული და დაანონსებული ეკონომიკური სანქციები ძალიან მძიმედ აისახება რუსეთზეც – მის ვალუტასა და საფინანსო ბაზრებზე.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრეა სანქციების სრული გავლენის შეფასება, უკვე ვხედავთ აქტივების ფასების მკვეთრ კლებას, ასევე რუბლის მკაფიო გაუფასურებას",–წერს სავალუტო ფონდი.

აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყნები, რომლებსაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ რუსეთსა და უკრაინასთან ასევე განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან, მიწოდების ჯაჭვებში შეფერხებებისა და დევნილების გაზრდილი მაჩვენებლების გამო.

“მოლდოვამ უკვე მოითხოვა სავალუტო ფონდის არსებული პროგრამის გაფართოება და მისი ახალი ფაზის გააქტიურება, რათა შეძლოს მიმდინარე კრიზისის დროს წარმოშობილი ხარჯების დაფარვა. IMF აქტიურად განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს მოლდოვის ხელისუფლებასთან”,– ნათქვამია განცხადებაში.