მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: "რუსი ტურისტების დანაკლისს სხვა მაჩვენებლები აბალანსებს"

5d90871d0b5d3
ელენე კვანჭილაშვილი
29.09.19 18:00
1312
„საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა უძლებს იმ შოკებს, რაც გარედან მომდინარეობს. ბუფერები აქვს. მაკრეოკონომიკური დისციპლინა ადგილზეა. ის გარემოა, რომელიც არ გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკური ზრდა დრამატულად უნდა შემცირდეს“ - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენლის მერსედეს ვერა-მარტინის შეფასება, რომელიც უკვე ასახულია ფონდის დასკვნაშიც: კერძოდ, ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას ფონდი არ გეგმავს და უცვლელად, 4.6%-ის ნიშნულზე ინარჩუნებს.

„ანალიტიკა“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენლი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკამ გარე შოკების მიმართ მედეგობა გამოიჩინა იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა საჰაერო გზით რუსი ტურისტების ამ ქვეყანაში შემოსვლას ემბარგო დაადო.

უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 8 თვეში საქართველოში 6 320 516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.2%-ით აღემატება. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.9%-ია.

„რა თქმა უნდა, ტურიზმის რიცხვები ისეთი არ არის, როგორის მოლოდინიც თავიდან გვქონდა, ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებლიდან იწყებოდა ათვლა, არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს, რუსი ტურისტების კლებას გავლენა საერთოდ არ ჰქონია, შოკს რა თქმა უნდა თავისი გავლენა აქვს - მაგრამ ამის საპირისპიროდ სხვა მაჩვენებლებია გაუმჯობესებული - მაგალითად: ექსპორტის და გადმორიცხვების ზრდა, იმპორტის შემცირება - რაც სურათს საერთო ჯამში აბალანსებს“ - განმარტავს მერსედეს ვერა-მარტინი.