23.ივლისი .2021 22:40

IMF-ს აქვს გეგმა, როგორ უნდა შემცირდეს ენერგეტიკაში ფისკალური რისკები

IMF-ს აქვს გეგმა, როგორ უნდა შემცირდეს ენერგეტიკაში ფისკალური რისკები
views 298
უკან

საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სფეროში ინვესტორების მოსაზიდად წლების განმავლობაში მთავრობა გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) ხელშეკრულებებს აფორმებდა. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, აღნიშნული ხელშეკრულებები საქართველოს ეკონომიკისთვის პოტენციურად ფისკალურ რისკს წარმოადგენს, რის გამოც ფონდთან არსებული პროგრამის ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია ახალი PPA ხელშეკრულებების გაფორმებაზე მორატორიუმი მოქმედებს. 

BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა ენერგეტიკის სფეროში არსებული ფისკალური რისკების და მათი შემცირების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ახალი ინსტრუმენტით - "Feed in Premium" ტარიფით ჩაანაცვლოს. 

"მთავრობას იდენტიფიცირებული აქვს ეს რისკები. მათ გადასაჭრელად ჩვენი რეკომენდაციაა კონკრეტული კრიტერიუმების გაწერა ელექტროენერგეტიკის სექტორში "Feed in Premium"-ის სქემასთან მიმართებით. ვხედავთ, რომ მთავრობა მონდომებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ კანონის მოთხოვნები შესრულდება 2023 წლისთვის,"- აცხადებს ჯეიმს ჯონი. 

2020 წლის ივლისში მთავრობამ "Feed in Premium"-ის მექანიზმის შექმნისთვის სპეციალური დადგენილება მიიღო. ჯერჯერობით ამ ტარიფებით არცერთი ინვესტორი არ სარგებლობს, რადგანაც მას ჯერ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ესაჭიროება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგაც ინვესტორთა მიერ მიღებული შემოსავალი იქნება გაცილებით უფრო მცირე, ვიდრე PPA ტარიფების შემთხვევაში იყო.

რა განსხვავებაა PPA ხელშეკრულებებსა და Feed in Premium ტარიფებს შორის:

PPA ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო (ესკო) წინასწარ განსაზღვრულ ფასად (მაგალითად ერთ კილოვატს 6 ცენტად) იღებს ვალდებულებას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეისყიდოს ახალი ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. თავის მხრივ, კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით. ამ სახის შეთანხმებები არაერთ მსხვილ ენერგოპროექტზე გაფორმდა. თუმცა, 2017 წელს სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე ახალი PPA შეთანხმებების გაფორმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. ამის მიზეზი იყო ფაქტი, რომ IMF-ის შეფასებით, ანალოგიური ტარიფები სახელმწიფოსთვის საბიუჯეტო რისკებს ქმნიდა. 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმის დროს მხოლოდ ორი გამონაკლისი დაიშვა, ეს იყო ხორომხეთი ჰესის პროექტი და ნამახვანის კასკადის პროექტი.

როგორ მუშაობს Feed In Premium ტარიფი:

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურთან Feed in Premium ტარიფის შესახებ შეთანხმების გაფორმებით მთავრობა ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებას არ იღებს. მის ნაცვლად აწესებს 1.5 ცენტის მოცულობის თანადაფინანსებას, რომელსაც სადგურის ოპერატორი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ელექტროენერგიის სარეალიზაციო ფასი 5.5 ცენტზე დაბალია. თუკი ელექტროენერგიის ფასი არის 4 ცენტი კომპანია სახელმწიფოსგან ყოველ კილოვატზე 1.5 ცენტის თანადაფინანსებას იღებს. მაგრამ თუკი ფასი 5 ცენტს შეადგენს, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება 0.5 ცენტია, 5.5 ცენტის ფასის პირობებში კი თანადაფინანსება 0 ხდება.

BMG-სთან საუბარში განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი განმარტავს, რომ იმ ფონზე, როდესაც პროექტების განხორციელების თვითღირებულება იზრდება, მხოლოდ 1.5 ცენტიანი თანადაფინანსება ინვესტორთათვის პრობლემას წარმოადგენს.

“გასაგებია, რომ ფინანსთა სამინისტროს უნდოდა, რომ PPA ხელშეკრულებების პრაქტიკა გაუქმებულიყო. მაგრამ ჩვენი როგორც ინვესტორების პოზიციაა, რომ შეუძლებელია მხოლოდ Feed In Premium ტარიფებით განხორციელდეს პროექტები. ყველაფერი ძვირდება, ამასთანავე ვართ ევროკავშირთან სტანდარტების ჰარმონიზაციის პროცესში რაც ნიშნავს უამრავი ტიპის ხარჯის გაღებას. ანუ ინვესტორის მხარეს ყველაფერი ძვირდება, მაგრამ მეორე მხარეს ვერაფრის ფასი ვერ იცვლება. შედეგად აღარ გამოდის პროექტის ფინანსური მდგომარეობა მდგრადი.

Feed In Premium-ის პირობებია ასეთი, რომ კომპანიის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი დადგინდება ბაზარზე, რასაც სახელმწიფო 1.5 ცენტს დაამატებს. მაგრამ, ამას აქვს ზედა ზღვარი 5.5 ცენტის ოდენობით, თუმცა ქვედა ზღვარი არ არის. ანუ ნულთან ახლოს რომ იყოს ფასი კომპანიამ მხოლოდ 1.5 ცენტი შეიძლება მიიღოს. აქედან გამომდინარე, ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას,”- აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

ენერგეტიკის სექტორის ინვესტორები PPA ტარიფების აღდგენას ითხოვენ:

კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ფიქრობს, რომ მიუხედავად IMF-ის რეკომენდაციისა, მთავრობამ PPA მექანიზმი უნდა აღადგინოს. მისივე აზრით, ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების (2020 წელი - $6 მლნ) ერთ-ერთი მიზეზი, სხვა გამოწვევებთან ერთად, მათ შორის სწორედ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაზე გამოცხადებული მორატორიუმია.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა