მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: საგადასახადო სისტემის შეფასებით, შემოსავლების ახალი წყაროს მოძიება შეიძლება მოხდეს

6149fbb589a70
შოთა ტყეშელაშვილი
22.09.21 00:10
894
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საგარეო ვალის, ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის გარდა, საუბარია საქართველოს საგადასახადო სისტემაზეც. IMF-ი აღნიშნავს, რომ მთლიანობაში საქართველოში დაბალი საგადასახადო წნეხია და არსებული “ბრტყელი” გადასახადების ადმინისტრირება ბიზნესისთვის მარტივია. თუმცა, ამავდროულად, სისტემას აქვს ნაკლოვანებები, ცალკეული გადასახადების მხრივ ის მრავალგვარი გამონაკლისებით და ხვრელებით არის სავსე (დღგ), ხოლო სხვა გადასახადების მხრივ (მაგალითად საშემოსავლო) ის საკმაოდ რიგიდულია.

“უფრო ფართო საშემოსავლო სტრატეგია შეიძლება იყოს განხილული. მართალია პროგრესი შეიძლება მიღწეული იყოს არსებული საგადასახადო სისტემის პირობებში, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში შეიძლება განხილული იყოს შემოსავლების მობილიზაციის უფრო სრულმასშტაბიანი სტრატეგია, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ყოვლისმომცველ საგადასახადო სისტემის შეფასებას, რომელიც თავისმხრივ ითვალისწინებს ქართული საგადასახადო სისტემის სპეციფიკას. ამან შესაძლოა შესაძლებელი გახადოს შემოსავლების ახალი წყაროების მოძიება, თანაც ისე, რომ არ მოხდეს ქვეყნის საგადასახადო კონკურენტუნარიანობის ხელშეშლა. ახალი სისტემა მიზნად უნდა ისახავდეს უფრო დაბალანსებული საგადასახადო ტვირთის მიღწევას, რომელიც უფრო მეტ აქცენტს აკეთებს გადასახადების დისტრიბუციულ შედეგებზე,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრო გადასახადების ადმინისტრირების სისტემის შეფასებას აკეთებს, რაც IMF-ის წინა პროგრამითაც იყო გათვალისწინებული. აღნიშნული შეფასების საფუძველზე შესაძლოა კონკრეტული საგადასახადო შეღავათები გაუქმდეს ან გარკვეულ სფეროებში დაბეგვრის პრაქტიკა შეიცვალოს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ BMG-ის რამდენიმე თვის წინ განუცხადა, რომ სამინისტრო USAID-ისა და სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ჩართულობით საგადასახადო სისტემის ეფექტიანობას იკვლევდნენ. მიღებული შედეგების საფუძველზე კი საბოლოოდ შესაძლოა არაერთი საგადასახადო შეღავათის გაუქმება/მოდიფიკაცია მოხდეს, რითიც სახელმწიფო წელიწადში 2 მილიარდზე მეტი ლარის შემოსავალს მიიღებს.

„ჯამური თანხა შეიძლება იყოს 2 მლრდ-ზე მეტი, რაც შეღავათებიდან გამომდინარე რჩება ეკონომიკაში, თუმცა ამის დათვლა კიდევ საჭიროებს სრულყოფას; რადგან მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული დათვლა, საჭირო იქნება სერიოზული კვლევის ჩატარება, რაშიც გვეხმარება USAID და სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია, ხოლო ეფექტიანობის შეფასება მოხდება მას მერე, რაც ყველა გადასახადის სახეობაში, შეღავათების ტიპების მიხედვით, გვეცოდინება დანახარჯების ეფექტი“, - ამბობს bm.ge-სთან გიორგი კაკაურიძე.

მართალია სავალუტო ფონდის დოკუმენტში პირდაპირ არაა ნათქვამი, თუმცა მინიშნებულია, რომ IMF-ი მხარს დიფერენცირებული (საფეხურებრივი) საშემოსავლო გადასახადის შემოღებას უჭერს მხარს, რაც ამ ციტატაშიც იკვეთება:

“საქართველოში არსებული 20%-იანი ბრტყელი საშემოსავლო გადასახადი დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის არაპროპორციულად მძიმე ტვირთს წარმოადგენს.”

უფრო ვრცლად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ IMF-ის შეფასებაზე წაიკითხეთ ბმულზე.