მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს, მთავრობა კი პირიქით – ზრდის

60a2651227bf7
შოთა ტყეშელაშვილი
17.05.21 17:00
658
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მთავრობა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას ზრდის მიმართულებით გეგმავს. მინისტრის თქმით, გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, მთავრობამ ეკონომიკური ზრდის ნიშნულის დაკორექტირება გადაწყვიტა.

“შემცირების მიმართულებით გადახედვა რა თქმა უნდა არ არის. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოლოდინები არის იმაზე უკეთესი, ვიდრე წლის განმავლობაში იყო და ექსპორტის მონაცემებიც და სხვა ეკონომიკური აქტივობის მონაცემებიც არის იმაზე უკეთესი, ვიდრე წლის დასაწყისში მოველოდით, საუბარია (მშპ–ის ზრდის) ზრდის მიმართულებით დაკორექტირებაზე და არა შემცირების მიმართულებაზე,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სრულიად განსხვავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - სავალუტო ფონდის (IMF) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზები, რომლებმაც საქართველოში ნელი ვაქცინაციისა და დაბალი ტურისტული ნაკადების გათვალისწინებით ზრდის პროგნოზები შეამცირეს. აპრილის დასაწყისში IMF-მა პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა, რამდენიმე კვირის წინ კი მას მიჰყვა აზიის განვითარების ბანკიც, რომელმაც 2021 წლის ზრდის პროგნოზი 4.5%-დან 3.5%-მდე შეამცირა.

ეკონომიკური ზრდის პარამეტრთან ერთად, შესაძლოა მთლიანად 2021 წლის ბიუჯეტიც დაკორექტირდეს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიუჯეტის კორექტირების პროექტს მთავრობა მოგვიანებით, მას შემდეგ შეიმუშავებს, რაც ეკონომიკური აღდგენის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით შემცირდა.

პირველი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ასეთი იყო:

იანვარი - მინუს 11.5%;
თებერვალი - მინუს 5.1%;
მარტი - ზრდა 4%
ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში - 4.2%.

აპრილის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა კი მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება.