18.სექტემბერი .2019 10:51

IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად, 4.6%-ზე ტოვებს

views 208
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა და გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, საქართველო გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, ორგანიზაცია აღნიშნავს, 2019 წლისთვის საქართველოში 4.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 

„სსფ უცვლელად ტოვებს საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტის დონეზე; ხოლო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2019 წლის ბოლოსთვის 5.4 პროცენტია. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტიან ზრდას) 2020 წელს მიუახლოვდება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ 2019 წელს 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, მშპ-ს 6 პროცენტამდე. ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით გამოწვეული დაძაბულობის გამო, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოფრთხილება მნიშვნელოვანია მომავალში პოტენციური შოკების ზეგავლენის აღმოფხვრისთვის.

„ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მზაობას განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და სტრუქტურული რეფორმების გატარება. ინფლაციის მოლოდინის ზრდის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამა წლის სექტემბერში მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით და ბაზარს ანიშნა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შესაძლო გამკაცრების შესახებ, თუ ინფლაციური წნეხი შენარჩუნდა.

სსფ-ს კარგად ესმის, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურების გამო ბევრი ქართული ოჯახი და ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სესხი აქვს აღებული დოლარში. თუმცა, საერთო ჯამში, მოქნილი გაცვლითი კურსი ეკონომიკას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს შოკებს და ამით კარგ სამსახურს უწევს ქვეყანას", - ნათქვამია მისიის მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა