მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: საქართველოში ეკონომიკის აღდგენა ვაქცინაციის ძლიერი ტემპის შემთხვევაში შენარჩუნდება

614ad8ecd6101
შოთა ტყეშელაშვილი
22.09.21 11:22
600
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური აღდგენა შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ, თუ ვაქცინაციის ძლიერი ტემპი იქნება მიღწეული. ამის შესახებ საუბარია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მიმოხილვაში, რომელიც საქართველოზე მოქმედ რისკ-ფაქტორებს აფასებს. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაგვიანებული და ნელი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, თუმცა აგვისტოს განმავლობაში COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან ერთად, ის დაჩქარდა.

სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნებისთვის ვაქცინაციის წახალისება კრიტიკულად აუცილებელია. 

ფონდის შეფასებითვე, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა - 7.7%-ით, 2022-ში კი 5.8%-ით გაიზრდება - ორივე პროგნოზი ეფუძნება დაშვებას, რომ წელს ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის სამიზნე 60% აიცრება. 

"უკანასკნელ პერიოდში საქართველოს COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება ჰქონდა, ამავე პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპიც დაჩქარდა. მეზობლებთან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ვაქცინაცია უფრო ნელი ტემპით დაიწყო, თუმცა მისი ტემპი მაისიდან გაიზარდა, რაც აცრებზე ასაკობრივი ზღვრის დაწევას და ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინების დაშვებას უკავშირდებოდა. ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდა, რაც ქვეყანამ ვაქცინების დამატებითი დოზები მიიღო. სამიზნე მოსახლეობის 11% სრულად აცრილია, ხოლო მთლიანი მოსახლეობის 25% მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი. 

ამავდროულად, COVID-19-ის შემთხვევებმა რეკორდულ დონეს მიაღწია, რის გამოც აუცილებელია ვაქცინაციის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რათა მიღწეული იყოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამიზნე რაც მოსახლეობის ნახევარზე მეტის აცრას გულისხმობს,"- ნათქვამია სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში პირველადი ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია და ამჟამად აცრების 2/3 მეორე დოზების ვაქცინაციაზე მოდის. 

22 სექტემბრის მდგომარეობით, მინიმუმ 1 დოზით აცრილია 956,417 ადამიანი, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 25.6%-ია, ხოლო 2 დოზით ანუ სრულად აცრილია 729,995 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 19.6%-ია.