მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: საქართველოში სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საჯარო სექტორის ეფექტიანობას გააუმჯობესებს

5fdb11a3abc9b
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.20 12:16
913
დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა. ამ პროგრამას IMF-ი საქართველოსთვის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში 4-წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს. IMF-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება $113.9 მილიონი დოლარის (SDR 79 მილიონის) რესურსი. ამავე პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება განაგრძოს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართული რეფორმები.

ამასთანავე, IMF-ის დირექტორთა საბჭომ საქართველოს განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც დაამტკიცა. ახალი პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, რაც ოქტომბერში წარდგენილ პროგნოზთან შედარებით 0,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულ გაზრდილ ვალის ზომასაც ითვალისწინებს. 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 7.5%-ით არის განსაზღვრული. 

IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმა, რათა ამ კომპანიების მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტზე მომავალი ნეგატიური რისკები შემცირდეს. 

"პანდემიაზე ფისკალურმა პასუხმა ხელი შეუწყო ამ გამოწვევის დამაზიანებელი ეკონომიკური და სოციალური შედეგების შემსუბუქებას, ჯანდაცვის ხარჯების ზრდას, მიზანმიმართულ და დროებით დახმარებას შინამეურნეობებისა და ბიზნესისათვის და კაპიტალური ინვესტიციების შენარჩუნებას. 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს ფისკალური წესის მოთხოვნის შესაბამისად, ფისკალურ კონსოლიდაციას დაიწყებს. ხელისუფლების მიერ იმ ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი, რომელიც ელექტროენერგიის შესყიდვების ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო საწარმოებისგან მომდინარეობს, ხელს შეუწყობს ვალის მდგრადობას. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გეგმა საჯარო სექტორის ეფექტურობას გააუმჯობესებს,"- ამბობს IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილე.

2019 წლის განმავლობაში სახელმწიფო საწარმოების ზარალმა 231 მილიონი ლარი შეადგინა. 2018 წელს კი მათი ზარალი 816 მილიონი ლარი იყო.