მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: სახელმწიფო საწარმოების ფინანსური შედეგები ბოლო ორ წელში მკვეთრად გაუარესებულია

5f1aa4728b57e
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.20 13:10
1789
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს სახელმწიფო საწარმოების შესახებ აქვეყნებს მიმოხილვას. დოკუმენტში ხაზგასმულია ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი შპს-ების ფინანსური შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული - ეს კი თავის მხრივ საქართველოს საჯარო ფინანსების მდგრადობაზე მზარდ რისკს წარმოადგენს.

“ექვსი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს ფინანსურმა შედეგებმა 2016-2018 წლებში მკვეთრი გაუარესება განიცადა. დაღმავალი ფინანსური შედეგების ფონზე, ამ საწარმოების უკუგებამ აქტივებზე მინუს 4.8% შეადგინა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.8%-ს შეადგენდა,”- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ სინმადვილეში სახელმწიფო საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია და მათ რეგულარულად უწევთ მთავრობის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს 67 სახელმწიფო კომპანიის ზარალმა, ჯამში, 805 მილიონ ლარს მიაღწია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური ანგარიშის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, ზარალი თითქმის 160 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო საწარმოების ზარალის ჯამური ოდენობა 2.5 მილიარდ ლარს აღემატება.

ზარალის დიდი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და სხვა. ზარალთან ერთად 67 სახელმწიფო საწარმოს აქტივების ღირებულება 2%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება უშუალოდ საწარმოებს, საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 609 მილიონლარიანი ზარალით დაასრულა, რისი მიზეზიც ფონდის შვილობილ საწარმოში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგებია. საუბარია რიკინიგზის ზარალზე. 

სავალუტო ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ თავად სახელმწიფო საწარმოები მომდევნო წლებში საკუთარი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას პროგნოზირებენ, თუმცა თავად IMF-ი ამ პროგნოზს ზედმეტად ოპტიმისტურს უწოდებს.

“სახელმწიფო კომპანიები საკუთარი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში პროგნოზირებენ. 2022 წლისთვის, მათი პროგნოზით აქტივებზე უკუგების მაჩვენებელი 6.8%-მდე გაიზრდება, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ეს პროგნოზი არის ზედმეტად ოპტიმისტური. უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოები, თავიანთი შემოსავლების ზრდას ყოველწლიურად 12%-ით პროგნოზირებენ, რაც მკვეთრად აღემატება ქვეყანაში მოსალოდნელ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. ეს ზრდა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გარანტირებული იყოს იმით, რომ მაგალითად გაზისა და ნავთობის კორპორაციის ახალი თბოსადგური “გარდაბანი 2” მკვეთრად გაზრდის კომპანიის შემოსავალს, თუმცა ჯამურად უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოების მიერ პროგნოზირებული 12%-იანი ზრდა არის მკვეთრ კონტრასტში შემოსავლების იმ 1%-იან ზრდასთან, რომელსაც მათ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიაღწიეს,”- ნათქვამია ანგარიშში