მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-თან შეთანხმებით, "საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო საქმიანობა კვლავ შეიზღუდება

607c8b67af299
შოთა ტყეშელაშვილი
18.04.21 23:19
2639
გამოქვეყნდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის დასრულებული პროგრამის მერვე მიმოხილვის სრული დოკუმენტი, რომელშიც მთავრობის მიერ IMF-თან შეთანხმებული საკითხების შესახებ არის საუბარი. ერთ-ერთი პუნქტი ამ პირობებს შორის “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, "საპარტნიორო ფონდის" ახალი საინვესტიციო აქტივობა შეზღუდული იქნება და ფონდი მხოლოდ უკვე არსებული პროექტების დაფინანსებას მოახდენს. აღნიშნული პირობა სავალუტო ფონდთან არსებულ პროგრამაში უკვე რამდენიმე წელია არსებობს.

კიდევ ერთი საკითხი, რის შესახებაც ანგარიშშია საუბარი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების მიერ ე.წ. "კვაზი ფისკალური" ოპერაციების შესრულებაა. ეს არის ისეთი აქტივობები, როდესაც სახელმწიფო კომპანია წამგებიან ფასში ან სულაც უფასოდ ახდენს მოსახლეობისთვის კონკრეტული სერვისების შეთავაზებას. მათ შორისაა, რკინიგზის მიერ მგზავრთა გადაყვანა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ბუნებრივი აირით ვაჭრობა და სხვა. საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფო კომპანიებს ახალ "კვაზი-ფისკალურ" სქემებში ჩართვის ვალდებულებას არ დააკისრებენ.

საპარტნიო ფონდის და სახელმწიფო საწარმოების სექტორის რეფორმირება საქართველოს მიერ IMF-თან აღებული ვალდებულებების ნაწილს წარმოადგენს. სავალუტო ფონდის შეფასებით, აუცილებელია, გაიზარდოს ამ ორგანიზაციების ეფექტიანობა, რათა მათი მხრიდან მომავალი ფისკალური წნეხი შემცირდეს. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოებმა 2019 წელს, ჯამში, 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს, 2018 წელს კი, მათი ზარალი 816 მილიონი ლარი იყო. სახელმწიფო საწარმოების უმეტესობას 2020 წლის ფინანსური შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა რკინიგზის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიამ 164 მილიონი ლარით იზარალა.