მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცდილობს თუ არა მთავრობა თიზ-ების დაბეგვრით საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებას?

606c858b091c5
ელენე გოგბერაშვილი
06.04.21 21:30
1207
ფინანსთა სამინისტრომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოქმედი იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც საზღვარგარეთ სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ, დაბეგვრის პრაქტიკა შეცვალა.

თიზების შესახებ კანონის მიხედვით, ვაჭრობა არც ნებადართულ და არც იმ საქმიანობის ჩამონათვალში შედის, რომლის წარმოებაც თიზ-ის კომპანიებს აკრძალული აქვთ. ისინი მოქმედი კანონით, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტებს წარმოადგენენ, თუმცა 2007 წლიდან დღემდე, რაც კანონი არსებობს, მთავრობა მათ მოგების გადასახადისგან ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ათავისუფლებდა.

როგორც ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი გვიხსნის, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ადგილი აქვს შემოსავლების სამსახურის მხრიდან კომპანიების გაფრთხილებას, რომ მათ მოგების გადასახადი უკვე განხორციელებულ ოპერაციებზე უნდა გადაიხადონ. სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ ამ ფაქტს აუცილებლად ექნება გარკვეული იურიდიული მსვლელობა, თუმცა მანამდე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლებმა ოფიციალური წერილით მიმართეს ფინანსთა სამინისტროს, რათა მხარეებმა არსებული რეალობიდან გამოსავლის გზები ერთობლივად მონახონ.

„საგადასახადო კოდექსში საბაჟო კოდექსიდან გამიჯვნამდე და მის მერეც ფიქსირდება, რომ თიზ-ში ნებადართულ საქმიანობებს შორის მოხსენიებულია თიზ-ში პროდუქციის შეტანა, გატანა რეალიზაცია და ა.შ. იქ არ არის ნახსენები, რომ თიზ-ში შეტანილი პროდუქცია უნდა გადამუშავდეს. ეს გარკვეულწილად ქმნის რეალობას, რომ სახელმწიფოს იმთავითვე არ ჰქონდა განსაზღვრული, რომ ვაჭრობა დაბეგრილიყო. თუ ვაჭრობა იბეგრებოდა, მაშინ 10-12-წლიან პრაქტიკაში დაფიქსირდებოდა კონკრეტული ერთი შემთხვევა მაინც, როცა დაიბეგრებოდა სავაჭრო ოპერაციების განმახორციელებელი კომპანია. ეს ყოველივე გვიქმნიდა ლოგიკური განსჯის საფუძველს, რომ სავაჭრო ოპერაციები თიზ-ში არ იბეგრება. შესაბამისად გაურკვეველია დღეს რატომ არის ეს გაუგებრობა, ასეთი ტიპის ინტერპრეტირება, თუმცა ეს შეიძლება იყოს ვიწრო ინტერპრეტაციის შედეგი, რომელიც აქცენტირებულია თიზ-ის კანონზე, სადაც არ არის ნახსენები ვაჭრობა“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

Bm.ge-ს კითხვას - რა გარანტიები ჰქონდათ ვაჭრობის განმახორციელებელ კომპანიებს, რომ ისინი არ დაიბეგრებოდნენ, ის ასე პასუხობს:

„ეს კითხვა არ არსებობდა, მითუმეტეს ამ პროცესში ჩართული სხვა აქტორებისთვის: აუდიტორული, იურიდული კომპანიებისთვის ეს სიურპრიზია. სანამ დაღვინდებოდა ეს პროცესი და გაირკვეოდა, ზეპირი კონსულტაციების დროს კითხვებიც იყო და მიმართვებიც, თუმცა იქიდან არ იყო ორაზროვნება, იბეგრება თუ არ იბეგრება. შესაბამისად, შთამომავლობითაც წამოვიდა ასე და ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობდა, მაგრამ დღეს რეალობა სხვანაირი დაგვიდგა“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

როგორც იურიდიული, ისე აუდიტორული კომპანიები ამბობენ, რომ მიდგომა, რომელიც აქამდე ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა იმ სამრეწველო კომპანიების მიმართ, რომლებიც საზღვარგარეთ სავაჭრო ოპერაციებს ახორციელებენ, იყო დაუწერელი საკანონმდებლო პრაქტიკა, რასაც როგორც GLCC-ის მმართველი პარტნიორი გვეუბნება, არაერთხელ იყენებდა მთავრობა უცხოელ ბიზნესსექტორთან შეხვედრების დროს, რათა მათში თიზ-ებში ინვესტირების ინტერესი გაეჩინა და ახლა, როცა მოულოდნელად მთავრობა ცვლის მიდგომას, მთავრობამ ჯერ შესაბამისი ცვლილებები უნდა შეიტანოს კანონმდებლობაში, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს თამაშის წესები და კანონმა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ დაუშვას.

„ის, რომ არ არსებობს არცერთი პრეცედენტი მოგების გადასახადით დაბეგვრის მოთხოვნისა ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის გათვალისწინებით, ეს უკვე სახელმწიფოს მიერ დადგენილი, სახელმწიფოს მიერ დაუწერელი საკანონმდებლო პრაქტიკაა, რომ ვაჭრობა არარეზიდენტებთან, რადგან ეს არ ეხება საქართველოში ვაჭრობას, რომელზეც 4%-იანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს, საერთაშორისო პარტნიორებთან არ იბეგრება მოგების გადასახადით. რატომ და რის გამო შეიცვალა და დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი უნდა ვკითხოთ ფინანსთა სამინისტროს. ვფიქრობ, თუ სახლემწიფო გადაწყვეტს თიზ-ის კომპანიები მოგების გადასახადით დაბეგროს საქონლის მიწოდებისთვის, პირდაპირი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს და არ უნდა გავრცელდეს ძველ პერიოდზე, როცა ასეთი მიდგომის არც პრაქტიკა და არც საკანონმდებლო ჩანაწერი არ არსებობდა საგადასახადო კოდექსში“, - აცხადებს ირაკლი გაფრინდაშვილი.

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სწორედ კანონდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ასახვაა, რათა ინვესტორმა იცოდეს როდიდან შეეხება მას მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი. როგორც პაატა შურღაია გვეუბნება, შემოსავლების სამსახური თიზში მოქმედ კომპანიებს წლების წინ განხორციელებულ ოპერაციებზე სთხოვს მოგების გადასახადის გადახდას და იმ პირობებში, როცა ბიზნესთან შეუთანხმებლად იცვლება მიდგომა, ეს სახელმწიფოს მიმართ კერძო სექტორს ნდობას აკარგვინებს.

„როდესაც კანონი არის კვაზი და ის იძლევა რამდენიმე ინტერპრეტაციის საშუალებას, დიახ, ხდება შეთანხმება პრაქტიკის და მიდგომის დამკვიდრება, რასაც ახორციელებს ყველა ის კომპანია, რომელიც თიზ-შია მოქცეული. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ თიზ-ის მენეჯმეტს და მასში რეგისტრირებულ კომპანიებს აქვთ ერთი მიდგომა არჩეული და სახელმწიფო მეორე დღეს ცვლის მიდგომას, აქ ვეჯახებით პრობლემას, როცა არ ხდება შესაბამისი დაინეტერსებული პირების ინფორმირება . პრაქტიკა, რომელიც ვრცელდება ძველ პერიოდზე, შეთანხმება ირღვევა და თურმე 2-3 წლის წინ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა... ეს არის არასწორი. გამოსავალია შეიცვალოს პრაქტიკა, თუ ეს ქვეყნისთვის წაყენებულ მოთხოვნებზეა მიბმული და შეიცვალოს არა გასული პერიოდიდან, არამედ მიმდინარე პერიოდიდან, რომ ბიზნესმა იცოდეს, ხვალ აქვს არჩევანის უფლება ან დარჩეს თიზში და გადაიხადოს მოგების გადასახადი ან არ გადაიხადოს და გავიდეს საქართველოდან“, - აცხადებს პაატა შურღაია.

რატომ შეცვალა მიდგომა ფინანსთა სამინისტრომ ახლა და რატომ არ ბეგრავდა დაბეგვრის ობიექტებს აქამდე, როგორც ეს კანონშია გაწერილი, ამაზე განმარტებები ჩვენ ფინანსთა სამინისტროსგან ვერ მივიღეთ, თუმცა უწყების მიერ წერილობით განმარტებაში დასტურდება ის, რა ინტერპრეტირებითაც კითხულობდნენ კანონს თიზ-ის კომპანიები.

„თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა. გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობისა, თიზის საწარმოს შეუძლია განახორციელოს ისეთი ტიპის სხვა საქმიანობაც, რომელიც არაა აკრძალული თიზის საწარმოსთვის. თუმცა ამ შემთხვევაში, კომპანია ვერ სარგებლობს მოგების გადასახადში კანონმდებლობით დადგენილი ზემოხსენებული შეღავათით. აღნიშნული მიდგომები ემყარება საერთაშორისო პრაქტიკას და პასუხობს საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპებს, მათ შორის, OECD-ის მოთხოვნებს, რომელსაც სრულად იცავს საქართველო.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სხვადასხვა საგადასახადო ჯგუფის წევრი (მათ შორის: BEPS - Base erosion and profit shifting), რომლის ფარგლებშიც ხდება საქართველოში მოქმედი საგადასახადო რეჟიმების შეფასება. შეფასების შედეგად დგინდება, რამდენად დამაზიანებელია რეჟიმი საერთაშორისო დაბეგვრის მხრივ.

შეფასების შედეგად შესაძლებელია დადგეს შემდეგი: ა) რეჟიმი არ არის დამაზიანებელი, ბ) რეჟიმი დამაზიანებელია და უნდა მოხდეს მისი მოდიფიცირება, გ) რეჟიმი დამაზიანებელია და უნდა მოხდეს მისი გაუქმება. შეფასებისას ამოსავალი წერტილია რამდენად ხორციელდება კონკრეტული რეჟიმის პირობებში აქტიური ეკონომიკური საქმიანობა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც დაფუძნებულია მეწარმე სუბიექტი.

საქართველომ 2017 წელს გაიარა თიზ-ის რეჟიმის შეფასება და დადგინდა, რომ მოქმედი რეჟიმი არ არის დამაზიანებელი, ვინაიდან ორიენტირებულია მხოლოდ ადგილზე წარმოებაზე და ამ რეჟიმის პირობებში აქტიური ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდება საქართველოში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ზემოხსენებული პრინციპების დაცვა, რათა მომდევნო შეფასებაც საქართველომ გაიაროს წარმატებულად.

ფინანსთა სამინისტრო მზადაა, აღნიშნულ საკითხზე გააგრძელოს კომუნიკაცია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაქმებულ კომპანიებთან“, - აცახდებენ ფინანსთა სამინისტროში.

როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება ბიზნესის მხრიდან გამოთქმულ აზრს, რომ წლების განმავლობაში ისინი კანონის გვერდის ავლით, სახელმწიფოს თანხმობითვე გათავისუფლებული იყვნენ მოგების გადასახადისგან.

თუმცა bm.ge-ს ინფორმაციით, დაბეგვრის აქამდე არსებული პრაქტიკა ეფუძნებოდა დათქმას, რომ თიზ-ის კომპანიები მოგების გადასახადს მანამ არ გადაიხდიდნენ,  ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს არ გაუჭირდებოდა.