მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმოგზაურე უსაფრთხოდ”- რა წერია 2021 წლის ტურიზმის მარკეტინგულ სტრატეგიაში?

6037d020e07d8
ანუკა ჯოხაძე
25.02.21 21:44
1045
“იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ეს ის ძირითადი სლოგანია, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს პოზიციონირება მოხდება. მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის მიხედვით შეირჩა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ტურისტული კომპანიები საერთაშორისო გამოფენებში როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ მიიღებენ მონაწილეობას. bm.ge-ს კითხვაზე შეზღუდული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით, კონკრეტულად რა დაგვიჯდება ტურიზმის მარკეტინგული აქტივობები, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ჯერ ვერ პასუხობენ.

“კონკრეტულ ქვეყნებს შორისაა ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამირო, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები. განიხილება მეზობელი ქვეყნებიც. ჩამონათვალშია ევროპის ქვეყნები და აქვე გამოვყოფდი იმ ქვეყნებს, რომლებიც მაღალმხარჯველობით ხასიათდებიან. რაც შეეხება კონკრეტულ მარკეტინგულ აქტივობებს, ნაწილი არის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, რომლითაც მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანა პოზიციონირდებოდა და ამ ნიშას არც დავკარგავთ.

შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამ კუთხით აქტიურობაც შესაბამისი იქნება. ასევე ქვეყნებში ძალიან კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული მიზნობრივი კამპანიების განხოციელებას ვგეგმავთ. ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ ინფორმაციულ წვდომაზე და მათ შორის წელს აქტიურად ვგეგმავთ, რომ ქვეყნის ტურისტული ვებ-გვერდი იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და ინფორმაციის მომცველი.” - ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ძირითადი აქცენტი კონკრეტულ ქვეყნებთან უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ საქართველოს შეუძლია ვიზიტორები უსაფრთხოდ მიიღოს, რადგან სასტუმროებმა ეს, როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, საკარანტინე სივრცეებად მუშაობისას წარმატებულად შეძლეს. მისი თქმით, ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე დაგროვდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ტურიზმში განახლებული მარკეტინგის სტრატეგია მომზადდა, რომლის განხილვაც ბიზნესთან ერთად ხდება. თურნავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ტურიზმი ძალიან სწრაფად აღდგება.