მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Imovies.ge და Adjaranet.com საქართველოში რუსული პირატული ვებგვერდების დაბლოკვას ითხოვენ

5de135ddccf03
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.19 21:31
11259
ქართული ონლაინ-სტრიმინგის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები - Imovies.ge და Adjaranet.com განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებას ეხება. განცხადება ჰოლივუდის სტუდიების უფლებადამცველის ასოციაციის - Motion Picture Association of America-ს (MPAA) რეგიონალური დირექტორის მიერ საქპატენტისთვის გაგზავნილ წერილს უკავშირდება. MPAA აღნიშნავს, რომ საქართველოში პირატული ონლაინ კონტენტი ფართოდ არის გავრცელებული. ორგანიზაცია ასახელებს, რომ Imovies.ge-სა და Adjaranet.com-ს ჰოლივუდის სტუდიების ფილმები და სერიალები საკუთარ პლატფორმაზე არალეგალურად აქვს განთავსებული. 

ამ წერილთან მიმართებით, ქართული ვებსაიტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეალურ პრობლემას რუსული პირატული ვებგვერდები ქმნიან. Imovies.ge და Adjaranet.com ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული რუსული ვებგვერდების დაბლოკვას ითხოვენ. 

Imovies.ge და Adjaranet.com-ის განცხადება:

"ჩვენი კომპანია წლების განმავლობაში იყო ერთადერთი, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში ლეგალურად ყიდულობდა და ქმნიდა ქართულ ფილმებს, სერიალებსა და გადაცემებს. 

ჩვენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მუდმივად ვმუშაობთ უცხოურ კომპანიებთან საქართველოში ლეგალური კონტენტის შემოტანასა და გავრცელებაზე. ვაწარმოებთ მიმდინარე მოლაპარაკებებს, როგორც მცირე, ასევე წამყვან კინოსტუდიებთან, მაგალითად, როგორებიცაა "დისნეი", "სონი ფიქჩერსი", "პარამაუნტი" და ა.შ. 

მიუხედავად წარმატებული სამუშაო პროცესისა წამყვან კინოსტუდიებთან, პროცესის სწორად წარმართვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რუსული, პირატული კინოპორტალების დაბლოკვა, რათა ქართულ კომპანიებს, რომლებიც იხდიან გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში, ჰქონდეთ შესაძლებლობა და მოტივაცია იმისა, რომ შეიძინონ ლეგალური ფილმები და სერიალები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების უფლებების დაცვა, ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს საიტებზე განთავსებული კონტენტის გალეგალურება არ იყოს დაკავშირებული ქართველი მომხმარებლებისთვის დამატებით ხარჯთან. 

ჩვენ ვცნობთ ნებისმიერი ქართული კომპანიის უფლებებს მათ საკუთრებაში მყოფ კონტენტზე, წლების განმავლობაში ჩვენ არ ვათავსებდით ქართული კომპანიების მიერ ლეგალურად შეძენილ პროდუქციას ჩვენს ვებ-გვერდებზე, სწორედ იმიტომ, რომ ყველა მათგანის უფლება ყოფილიყო სრულიად დაცული, თუმცა, გასაკვირია ის, რომ ამ ხნის მანძილზე იმავე კომპანიები არ დგამდნენ არანაირ ნაბიჯებს რუსული პირატული ვებ-გვერდების წინააღმდეგ. 

ჩვენთვის გასაგებია ზოგიერთი ქართული კომპანიის მცდელობა, არ დაუშვას ადგილობრივ ბაზარზე ღია და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, რასაც ისიც ადასტურებს, რომ დღეს გამოქვეყნებული წერილის გავრცელება და მისი არასწორი ინტერპრეტირება მოხდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ქართული ინტერნეტ საიტები წამყვან უცხოურ სტუდიებთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და სულ მალე ქართულ ინტერნეტსივრცეში შეიძლება გაჩნდეს სრულიად ლეგალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი კინოპროდუქცია,"- ნათქვამია განცხადებაში.