მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტირებული ხორბალი 60-70 ლარით გაძვირდა

5f6a177fe3373
ელენე გოგბერაშვილი
22.09.20 23:15
2071

საერთაშორისო ბაზარზე ბოლო პერიოდში ხორბალზე ფასი 10-15 დოლარით გაიზარდა. საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი იმპორტირებული პროდუქტი გააძვირა გაუფასურებულმა ლარმაც, თუმცა ჯერ რთული სათქმელია, რამდენად აისახება ხორბალზე ფასის ზრდა პურ-პროდუქტების ღირებულებაზე.

საქართველო სრულად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველო 100%-ით რუსულ ხორბალს მოიხმარს. 2020 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 223 ათასი ტონა ხორბლის 100% სწორედ რუსული იყო.

როგორც bm.ge-თან ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი ქეთევან კუბლაშვილი აცხადებს, ხორბლის ფასის ფორმირებაზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, პირველი – ეს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები, მეორე ფაქტორი –ქვეყნის შიგნით ლარის გაცვლითი კურსია დოლართან მიმართებაში. მხოლოდ ლარის გაუფასურების გავლენით კი 1 ტონა იმპორტირებულ ხორბალზე ფასმა რამდენიმე ათეული ლარით მოიმატა.

„რასაც ვაკვრდებით ლარსი კურსის ცვლილების გამო, ფასი დაკორექტირდა 60-70 ლარით ბოლო პერიოდში. ეს არის ცვლილება, რაც განიცადა ხორბლის ფასმა 1 ტონაზე ლარის გაუფასურების გამო.

საერთაშორისო ბაზარზე ფასი გაზრდილია 10-15 დოლარით, თუმცა ლარის გაუფასურების გარეშე ეს არ არის ის სხვაობა, რაც საბოლოო მომხმარებელს დააწვებოდა ტვირთად“, - აცხადებს კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, პირველი სექტემბრიდან დღემდე ლარი დოლარის მიმართ 5,6 პროცენტული პუნქტით გაუფასურდა. შედეგად დღეს ერთი დოლარი 18 თეთრით უფრო ძვირი ღირს.