29.ოქტომბერი .2020 11:29

იმპორტის სუბსიდირების წინაპირობები არ არსებობს - ლევან დავითაშვილი

იმპორტის სუბსიდირების წინაპირობები არ არსებობს - ლევან დავითაშვილი
views 317
უკან

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ამ ეტაპზე იმპორტის სუბსიდირებას არ აპირებს, რადგან ამის წინაპირობა ბაზარზე არ არსებობს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება პროდუქტების სუბსიდირებას, ჩვენ გავაკეთეთ გაზაფხულზე იმპორტის წახალისება, მხოლოდ იქიდან გამომდინარე რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტის კვოტირებას და სხვადასხვა ტიპის ბარიერის შემოღებას და ფიზიკურად შეიძლება ყოფილიყო წყვეტა მიწოდებაში. ასეთი რამ არ მოიაზრება ახლა და ამის წინაპირობები ბაზარზე არ არსებობს და მსგავსი ინტერვენციას არ ვგეგმავთ.

ვაკვირდებით ხორბალს, რადგან ის არის საფუძველი და არა ფქვილი, იმიტომ რომ საქართველოს აქვს იმაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი სიმძლავრე, რომ ქვეყნისთვის აწარმოოს საჭირო რაოდენობის ფქვილი და შესაბამისად, აქცენტი კეთდება ხორბალზე და არა ფქვილზე იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს უზრუნველყოფილი პურ-პროდუქტებით“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა 2018 წლის ივლისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო თვენახევარში კი ფასი ერთ ტონა ხორბალზე თითქმის 50 დოლარით გაიზარდა. საქართველოში ხორბლის იმპორტიორები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ფასები 200 დოლარიდან 250 დოლარამდე გაიზარდა.

ხორბალზე ფასის ზრდის ფონზე გაძვირდა ფქვილიც. როგორც მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობს, ფქვილზე ფასი 2 ლარითაა მომატებული, თუმცა არის მოლოდინი, რომ ნოემბერში საერთაშორისო ბაზრის ტრენდი ფქვილის ფასზე მეტად აისახება.

ხორბალზე არსებული ფასი და ფქვილის ღირებულება იყო ერთ-ერთი თემა, რაც რამდენიმე დღის წინ დაისვა ბიზნესსა და პრემიერის შეხვედრაზე. როგორც ირკვევა, თუ ფასის ზრდა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს, მთავრობა კვლავ სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედებას განიხილავს.

„მთავრობა მზადაა თუ ფასი მივიდა იმ კრიტიკულ ზღვრამდე, რომ შეიძლება ეს აისახოს შემდგომ პროდუქტში, როგორიც არის პური, მთავრობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ხორბლის ფასის სუბსიდირება. ეს მექანიზმი გამოყენებული იყო მარტის თვეში, მაშინ, როცა იგივე ტენდენციები განვითარდა და 240 დოლარის ფარგლებში მივიდა ფასები, ამან კი საშუალება მოგცვა ფასები მაშინ დაგვებალანსებინა და პურის ფასში ეს არ გადასულიყო. კრიტიკული ზღვარი ეს არის, თუ 250 დოლარის ფასი ერთ ტონა ხორბალზე შენარჩუნდა და ტენდენცია განვითარდა“, - აცხადებდა bm.ge-თან მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა.

მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ზაფხულში 1,6 მილიონი გამოყო. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ 40 000 ტონა ხორბალი დაასუბსიდირა. მთავარი პირობის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებდნენ ერთი ტომარა ფქვილი მაქსიმუმ 51 ლარად უნდა გაეყიდათ. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანიებს ერთ ტონა ხორბალზე მაქსიმუმ 40 დოლარის მოცულობის სუბსიდია უნდა მიეღოთ, თუმცა მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, მაქსიმალური ფასი, რაც კომპანიებმა წარმოადგინეს 37 დოლარი იყო და ამ ნაწილში სუბსიდიის პროგრამის ბიუჯეტი ნაწილობრივ დაიზოგა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა