მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტის ხელოვნურად ჩაკეტვის შემთხვევაში, ხორბლის ჩანაცვლება რთული იქნება" - ნამჩავაძე

5f5c85bc929cb
თათია ჩაფიჩაძე
12.09.20 18:30
1469
2020 წლის იანვარ-ივლისში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციამ თანხობრივად 473 მილიონს გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რაოდენობრივად გაზრდილია უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების იმპორტის მაჩვენებლები.

იანვარ-ივნისში რუსეთიდან 214 ათასი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა და 223 ათასი ტონა ხორბლისა და მესლინის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 50 ათასი ტონით მეტი იყო. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსულ ხორბლაზე საქართველოს დამოკიდებულება 100%-მდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მზესუმზირის ზეთის იმპორტის მიმართულებითაც.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ იმპორტის მაჩენებლების ზრდის მიზეზი დაბალი ფასია. „საქმიან დილასთან“ საუბრისას ნამჩავაძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას ახლავს თან.

„საქართველოს საგარეო სექტორზე დამოკიდებულება კოვიდმა ძალიან შეცვალა. ნებისმიერი ქვეყნის საგარეო ურთიერთობები შემცირებულია და ეს შემცირება მეორე კვარტალს განსაკუთრებულად დაეტყო. ასე მოხდა რუსეთის შემთხვევაშიც, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ნაწილშიც. თუმცა ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტი ძალიან გაიზარდა და მაღაზიებსაც ეტყობა, სავსეა დახლები რუსული პროდუქციით.

რაღაც რომ მოხდეს და ეს რაღაც შეიძლება იყოს იმპორტის ხელოვნური ჩაკეტვა, ხორბალთან მიმართებით ჩანაცვლება რთული იქნება, ვინაიდან მათი წილი უკვე 100%-ია. უმეტესობა ყოველთვის რუსული იყო, თუმცა ბოლო 7-8 წელში სრულად დამოკიდებულები გავხდით. ცოტა გვაქვს ადგილობრივი წარმოება, მაგრამ პურის და პურპროდუქტების 80% მაინც არის რუსულ ხორბალზე დამზადებული და ამ მხრივ რისკები რასაკვირველია არსებობს.

მთავარი გამოსავალი არის წარმოების გაზრდა და იმპორტის დივერსიფიკაცია, მაგრამ ამას ხელოვნურად თუ გააკეთებ იმიტომ, რომ ბუნებრივად არ მოხდა. არ მოხდა იმიტომ, რომ რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტი სიახლოვის გამო არის უფრო იაფი. როცა ისეთ პირობებში ვართ, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩაერია, ჯობია რაღაც პრიორიტეტები ჰქონდეს. ისეთ ნაწილში მაინც ჩაერიოს, რომ რაღაც პრობლემა უფრო მეტად მოაგვაროს მაგალითად ხორბლის მოსავლიანობის ზრდის მიმართულებით. გარდა ამისა ჩვენთან 1 ჰა-ზე გაცილებით ნაკლებია მოსავლიანობა, ვიდრე სხვაგან, საშუალოდ 5-ჯერ ნაკლების წარმოებაა შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობის გამო, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა იქნება უმნიშვნელოვანესი“ - განაცხადა ნამჩავაძემ.