მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმსახურებდა თუ არა „აირზენა“ მთავრობისგან „საყვედურს“ ბილეთების ფასის გამო?

5eff0c2f1b8f8
ინგა მურუსიძე
03.07.20 18:30
1113
საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინაშვილი მიიჩნევს, რომ როცა ბაზარს უჭირს, ქვეყანაში ყველა მიმართულებით კრიზისია და რომელიმე კომპანია „არასწორად სარგებლობს“ ამ სიტუაციით, საყვედურს იმსახურებს,  სიტუაცია კი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.

საქმე ისაა, რომ პანდემიის პერიოდში ავიარეისების შეწყვეტის შემდეგ, ჩარტერულ რეისებს საქართველოდან მხოლოდ ავიაკომპანია „აირზენა“ ასრულებდა. მას შემდეგ, რაც მთავრობამ ბილეთების სუბსიდირება შეწყვიტა, ფასი სხვადასხვა ქალაქებიდან რამდენიმე ასეული ევრო გახდა. გუშინ, მთავრობის სხდომაზე როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ავიაკომპანია „აირზენა“ ბილეთების „კატასტროფული“ ფასების გამო გააკრიტიკეს. პრემიერმა კი ეკონომიკის მინისტრს დაავალა, ბაზარზე კონკურენცია შეიქმნას და ჩარტერული რეისები სხვა ავიაკომპანიებმაც შეასრულონ.

მოლოდინაშვილმა აღნიშნულ საკითხზე BMG-ს გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა:

„2010 წელს საქართველო შეუერთდა ღია ცის დოკუმენტს, რითაც ჩვენ აბსოლუტურად მოვხსენით საავიაციო ბაზარზე არსებული მარწუხები, რამაც გამოიწვია ახალი მიმართულებების გაჩენა, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა და რა თქმა უნდა ფასების დაბალანსება, რაც ყველამ ვიგრძენით. არავის არ უნდა ჰქონდეს ბაზარზე წესების კარნახის შესაძლებლობა და ეს გამოჩნდა, გუშინ საჯარო სექტორმა მისცა შენიშვნა ერთ-ერთ ავიაკომპანიას, რომ ფასები გაიზადა, ხოლო ფასები გაიზარდა იმიტომ, რომ ეს ავიაკომპანია მარტო აღმოჩნდა ბაზარზე. როცა რომელიმე კომპანია, ქართული, თუ უცხოური ბაზარზე აღმოჩნდება მარტო, რა თქმა უნდა, იგი შექმნის თავის წესებს ამ ბაზარზე. ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა მოლოდინაშვილმა.