მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმუნიზაციის ოპტიმისტური სცენარითაც კი 31 დეკემბრამდე 4 500 ადამიანი დაიღუპება - ჭიაბერაშვილი

611b87e002c7f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 18:20
3384
სიკვდილის არითმეტიკა - ამ სათაურით ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობის იმუნური ფენის შექმნისთვის მათემატიკურ გაანგარიშებას ახდენს.

„კოვიდით სიკვდილიანობა რომ შევაჩეროთ, საზოგადოებრივი იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ ვ ა ქ ც ი ნ ა ც ი ი თ“, - აცხადებს ის და აღნიშნავს, რომ აცრების დღეს არსებული ტემპით ქვეყანა სასურველი მიზნის მიღწევას 4 თვეში შეძლებს, რა დროსაც კოვიდ-ინფექციით დაახლოებით 4 500 ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს. BM.GE ზურაბ ჭიაბერაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებრივი (პოპულაციური) იმუნიტეტის შექმნას სჭირდება მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრა 2 დოზით. [დელტა ვარიანტის გათვალისწინებით, 75-80%-ც, მაგრამ ვიანგაროშოთ მუნიმუმ 60%-ზე.]

3.7 მლნ ადამიანი x 60% x 2 დოზა = 4.44 მლნ დოზა, ანუ მინიმუმ 4.44 მლნ აცრა უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომ სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

17 აგვისტოს მონაცემებით ჩატარებულია 831,815 აცრა, ანუ მინიმუმ 4.44 მლნ - 831,815 = 3.6 მლნ დოზა უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებრივ იმუნიტეტს მივაღწიოთ.

დღეში კეთდება 25-26 ათასი აცრა. მოდით, ოპტიმისტურად ავიღოთ 30 ათასი. (და მხედველობაში არ მივიღოთ ვაქცინაციისადმი სერიოზული უნდობლობა, რომელიც მთავრობის საინფორმაციო უმოქმედობამ წაახალისა.)

ამ ტემპით 3.6 მლნ დოზის გაკეთებას დასჭირდება 3.6 მლნ : 30,000 = 120 დღე ანუ 4 თვე.

ამ ტემპით (თუ ვაქცინების შემოტანაში შეფერხება არ იქნა!), საზოგადოებრივ იმუნიტეტის მინიმუმ დონეს 4 თვეში მივაღწევთ ანუ, როგორც მთავრობა დაგვპირდა, წლის ბოლოს. გაგვიხარდეს?

ახლა სხვა დათვლა გავაკეთოთ.

ოპტიმისტურად ავიღოთ, რომ
- სიკვდილიანობა 50-ზე ზემოთ არ ადის მომდევნო 2 თვე - 15 ოქტომბრამდე (ერთი წამით დავიჯეროთ, რომ ტრანსპორტის გაჩერება და საველე ჰოსპიტალი შველის ამ საქმეს ), ხოლო

- არჩევნების ჩატრების მეორე დღესვე ღარიბაშვილი აცხადებს "ლოქდაუნს" (ეს აქვთ ჩაფიქრებული), რომელის შედეგად 15 ოქტომბრიდან თანდათან იწყება სიკვდილიანობის შემცირება და 15 დეკემბრისთვის ჩამოვდივართ ერთეულ გარდაცვალებაზე დღიურად.

აი, ამ ოპტიმისტური სცენარითაც კი გვიკვდება მინიმუმ 4500 ადამიანი დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. მუნიმუმ 4500 ადამიანი - ესაა

- დაგვიანებული ვაქცინაციის,

- ღარიბაშვილის მიერ ივნისის ბოლოდან შექმნილი სრული უკონტროლობის (არც მანამდე იყო ადექვატური კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე), და

- "გადამწვარი" სამედიცინო პერსონალის (რომელსაც საველე ჰოსპიტალი ვერ დაეხმარება) ფ ა ს ი.

რეალური მსხვერპლი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნება, ზოგიერთი დათვლით - 3-ჯერ მეტი“, - წერს ჯანდაცვის სპეციალისტი.