მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმუშავე ამპელოდან“ - როგორ ცდილობს ტურიზმის ინდუსტრია პრობლემებთან გამკლავებას

5faa47c6cb6c1
ვიქტორია მღებრიშვილი
10.11.20 15:35
1207
27 ოქტომბრის მონაცემებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ამოქმედებული პროექტით „იმუშავე საქართველოდან“ საქართველოს 197 ვიზიტორი ესტუმრა, თუმცა ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ პროექტით ბევრი უცხოელი ინტერესდება. თავად იდეას დადებითად აფასებს სასტუმროების ბიზნეს კონსულტანტი გიორგი დოლიძე. ის BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ასეთ რთულ პერიოდში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად ნებისმიერი წამოწყება მნიშვნელოვანია.

„იმუშავე საქართველოდან“ ძალიან კარგი და მისაღები პროგრამაა თუ სწორ სეგმენტზე ვიმუშავებთ, რადგან ამ პროგრამამ რთულ პერიოდში სარგებელი უნდა მოუტანოს სასტუმროებსაც და ქვეყანასაც, თუმცა უცხოელ ვიზიტორებს მაქსიმალურად უნდა გაუმარტივდეთ ქვეყანაში ჩამოსვლის შესაძლებლობა, რათა ამ პროგრამამ მეტი ეფექტი დადოს. ქვეყანაში შემოსვლა უნდა იყოს ყველაზე მარტივი და ამავე დროს არ უნდა შევზღუდოთ დროის კუთხით, რადგან სავალდებულო დარჩენის დრო 6 თვეა“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

ის ამბობს, რომ მისი კონსულტირების ქვეშ მყოფი სასტუმრო „ამპელო რეზორტი“ პროგრამაში ნოემბრის ბოლოსთვის დარეგისტრირდება, რაც პროექტის ეფექტიანობის შეფასებას უფრო გაუადვილებს.  

რაც შეეხება იმას, ფაქტობრივად, ჩაკეტილი საზღვრების და გაუარესებული ეპიდევითარების გათვალისწინებით, როგორ ახერხებს მუშაობას ახლადგახსნილი სასტუმრო „ამპელო რეზორტი", გიორგი დოლიძე ამბობს, რომ ღვინის ტურებით, კულინარიული მასტერკლასებით  და სხვა აქტივობებით სასტუმრომ შეძლო და მაღალი დატვირთვა შემოდგომის სეზონზეც შეინარჩუნა, თუმცა კორონავირუსის მეორე ტალღის ამოქმედებისთანავე ბევრი დაგეგმილი კორპორატიული ღონისძიება თუ ღვინის ტური გაუქმდა.

სწორედ ამიტომ სასტუმროს მენეჯმენტმა გადაწყვიტა თავდაპირველად ადგილობრივი ბაზრისთვის მათთვის მისაღები შეთავაზება გაეკეთებინათ, რათა სასტუმროს დატვირთვა კვირის განმავლობაში შენარჩუნებულიყო.

„ჯავშნების გაუქმებების შედეგად, გადავწყვიტეთ აგვემოქმედებინა პაკეტი „იმუშავე ამპელოდან“, რითიც სასტუმროს დატვირთვას შემოდგომის ბოლომდე შევინარჩუნებდით. ეს შეთავაზება მათთვისაა, ვისაც სურს მოწყდეს ქალაქის ქაოსს და დისტანციურად „ამპელო რეზორტის“ კომფორტული გარემოდან იმუშაოს. შეთავაზების ღირებულება 1 ადამიანზე 1 დღით 70 ლარია და სასტუმროში განთავსებას და ყავის შესვენებას მოიცავს. ეს პაკეტი კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით მოქმედებს, რადგან პარასკევი, შაბათი - კვირა დატვირთვა ნარჩუნდება სასტუმროში და ამ პერიოდში ნომრის ღირებულება სტანდარტულია, თუმცა ამ დღეებშიც ფასი მცირედით შევამცირეთ“, - აცხადებს სასტუმროს ბიზნეს კონსულტანტი.

გიორგი დოლიძის შეფასებით, შეთავაზებამ გაამართლა და კვირის განმავლობაში სასტუმროს დატვირთვა 30%-40%-მდე გაზარდა, თუმცა იმ ნიშნულამდე არ ავიდა, რომ ხელშესახები შედეგი ჰქონოდათ. მისი თქმით, 25 ოქტომბრიდან, შეთავაზების გააქტიურების შემდეგ სასტუმრომ კვირის დღეებში 50-დან 60-მდე საქმიან ადამიანს უმასპინძლა. მათი სტუმრების ძირითადი ნაწილი თბილისიდან ჩადის და ინტერესი შეთავაზების მიმართ  ძირითადად IT სპეციალისტებს, გრაფიკულ დიზაინერებს, არქიტექტორებს და ბუღალტრებს აქვთ.




"დღეს სასტუმროში აქტივობები და ღონისძიებები 50%-60%-მდეა შემცირებული, ხოლო რესტორნის ნაწილში - 40%-მდე, რაც რესტორნების კუთხის ამოქმედებული შეზღუდვების შედეგია. "იმუშავე ამპელოდან" ამ კლებას ნაწილობრივ აბალანსებს, თუმცა როდესაც განთავსების ღირებულება თითქმით სტანდარტული ღირებულების მესამედს შეადგენს, დატვირთვის 30%-ითაც 4-5-ჯერ ნაკლებ შემოსავალს იღებ. შესაძლოა, ამ პაკეტის შეთავაზებამ საერთო დატვირთვის კლება ვერ დააბალანსოს, მაგრამ სასტუმრო ბოლომდე არ გაჩერდება და ამ შემოსავლით თანამშრომლებსა და თავის თავს შეინახავს. ამგვარად ვინარჩუნებთ სასტუმროს დატვირთვას, რადგან სასტუმროს დაკეტვა და შემდეგ გახსნა ორმაგ ხარჯთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ და დასძინა, რომ დღეისთვის სასტუმროში, თავის მეღვინეობასთან ერთად 60 ადამიანი მუშაობს.