27.აგვისტო .2020 15:15

„იმუშავე საქართველოდან“ - უცხოელების მოსაზიდად მთავრობის ახალი პროექტი დაიწყო

views 1276
უკან

საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დღეიდან ახალი პლატფორმა „იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედდა.

როგორც bm.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტი საქართველოს მთავრობის დავალებით მათ მოამზადეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ (Remotely from Georgia) ფარგლებში საქართველოს გამონაკლისის წესით 95-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის: აშშ-ის, ევროკავშირის, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები და რეზიდენტები ეწვევიან, რომლებსაც 180-ზე მეტი დღით დარჩენა შეუძლიათ.

ახალი პლატფორმით ისარგებლებენ თვითდასაქმებულები, სრული განაკვეთით დასაქმებულები, რომლებიც დისტანციური ფორმატით იმუშავებენ, ასევე მეწარმეები, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ბიზნესი მართონ.
“საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კონკრეტული პერიოდით მოგზაურობას და დისტანციურად მუშაობის საშუალებას სთავაზობს. ეს ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიისთვის ინოვაციური პროექტია. პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს და ბინადრობის მქონე პირებს საშუალებას აძლევს საქართველოში იმოგზაურონ, იმუშაონ და აღმოაჩინონ ის უნიკალური ადგილები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ეს პროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ბინების გაქირავების, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის იქნება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. ახალი პროექტით საქართველოში კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ და რაც მთავარია მოგზაურები საშუალო სტატისტიკურად დარჩებიან ბევრად უფრო ხანგძლივი პერიოდით ვიდრე გასულ წლებში.

პროექტის მიხედვით საუბარია სამი კატეგორიაზე: თვითდასაქმებულები, სრულ განაკვეთზე მომუშავე პირები და მეწარმეები, რომლებსაც საშუალება ექნებათ stopcov.ge-ზე არსებული აპლიკაცია შეავსონ, პირადი ინფორმაციის გრაფები მარტივი და გასაგები, სადაც არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ, რომ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა და საქართველოში ყოფნის პერიოდში შეძლებენ ყველა გადასახადის გადახდას. პროექტში მონაწილეები 12 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რომლის ხარჯებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად აანაზღაურებენ, სავალდებულო იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი ერთის მხრივ დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, ხოლო მეორეს მხრივ დადებითად იმოქმედებს საქართველოს როგორც „უსაფრთხო მიმართულების“ კიდევ უფრო მყარ პოზიციონირებაზე.

“ამ პროექტის დამუშავებისას არაერთი შეხვედრა გავმართეთ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და მოხარულები ვართ, რომ 30-მდე სასტუმრომ ინტერესი გამოხატა ჩაერთოს პროექტში, როგორც კომერციული საკარანტინო სივრცე, რაც მათ უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მისცემს. კარანტინის დასრულების შემდეგ მე-13 დღეს ეს ადამიანები სრულფასონივანი ტურისტები ხდებიან, შეეძლებათ დაიქირაონ ბინები, იმოგზაურონ ხანგძლივი პერიოდით საქართველოში. ამ პროექტით ჩვენ საშუალება გვაქვს უნიკალური მიმართულება გავხდეთ მთელ მსოფლიოში”, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტმა უკვე დიდი გამოხმაურება მოიპოვა საერთაშორისო მედიაში.

“მინდა სიამაყით გითხრათ, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ ეს პროექტი დაანონსა, საერთაშორისო გამოცემებმა მათ შორის: Forbes-მა, New York Times-მა, Insider-მა სტატიები მოამზადეს საქართველოს ახალ ინიციატივაზე. შედეგად ამ ფაქტმა გამოიწვია ძალიან დიდი გამოხმაურება და გაიზარდა მოთხოვნა. ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს უცხოეთში საელჩოებთან და გვაქვს უკუკავშირი, რომ ინტერესი მაღალია. ასევე დიდი ინტერესი აქვს ჩვენს კერძო სექტორს, რომელმაც გააქტიურა გაყიდვების არხები საერთაშორისო პარტნიორებთან”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

COVID-19 პანდემიის პერიოდში მრავალი საერთაშორისო კომპანია 2020 წლის ბოლომდე დისტანციური მუშაობის ფორმატზე გადავიდა, რაც ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დისტანციურად იმუშაოს. საქართველოს - პანდემიასთან ბრძოლის წარმატება და საერთაშორისო აღიარება უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, დისტანციურად მომუშავეებმა არჩევანი საქართველოზე გააკეთონ.

ახალი პლატფორმის ბმული stopcov.ge-ს გვერდზე აიტვირთება.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა