მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოცდას იწყებს

638daff95b84a
გიორგი თოლორდავა
05.12.22 13:04
643
ინდოეთის ცენტრალური ბანკი ქვეყნის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის, მუმბაისა და ნიუ-დელიში ციფრული ვალუტის (CBDC) გამოცდას ოფიციალურად იწყებს.

საპილოტე პროგრამაში მონაწილეობას ოთხი ძირითადი ბანკი მიიღებს, კერძოდ, State Bank of India, ICIC, Yes Bank და IDFC First. გამოცდის მეორე ეტაპზე პროგრამა დამატებით ცხრა ქალაქში გავრცელდება და მას ოთხი სხვა საფინანსო ორგანიზაციაც შეუერთდება.

კვლევის მიზანი CBDC-ის შესაძლებლობების შესწავლა, ტექნიკური პრობლემების აღმოჩენა და გადაჭრის გზების იდენტიფიცირებაა, რათა რამდენიმე წელიწადში ციფრული რუპია მთელი ქვეყნისათვის გახდეს ხელმისაწვდომი.

საწყის ეტაპზე ციფრული ვალუტით გადახდა QR კოდის დახმარებით იქნება შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ დისტანციური გადახდებისა და NFC ტექნოლოგიის ინტეგრაციაცაა დაგეგმილი, რათა პროექტმა სრულ პოტენციალს მიაღწიოს.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს ციფრული ვალუტის შექმნაზე, იქნება ეს: აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ ინგლისის ბანკი, მათ შორის, ციფრული ლარის შექმნაზე საქართველოს ეროვნული ბანკიც მუშაობს.

კრიპტო და ციფრულ ვალუტებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, პირველი, რა თქმა უნდა, მათ ფუნდამენტურ თვისებას უკავშირდება, კრიპტოაქტივების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, CBDC კი პირიქით - სრულად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლს.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ფასი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, კრიპტოაქტივები კი საერთაშორისო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება, მათ უმეტესობას კი გარკვეული ფუნქციური დანიშნულებაც აქვს, მაგალითად: ეთერიუმზე, კარდანოსა და სოლანაზე ცალკეული ეკოსისტემების, NFT-ებისა და აპლიკაციების დაშენებაა შესაძლებელი.

Web Summit-ზე მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტები (CBDC) კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

"შეიცავს თუ არა CBDC საფრთხეს Binance-ის და კრიპტოვალუტებისთვის? არა, ასე არ მგონია. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს საქმიანობას უფრო მეტ ვალიდურობას და აღიარებას ანიჭებს, რადგან საზოგადოება შეიტყობს, რომ ამ ტექნოლოგიით სახელმწიფოებიც კი სარგებლობენ", - განაცხადა ჟაომ.

ინდოეთის ცენტრალური ბანკის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით კრიპტოაქტივების გამოყენება, რეალიზაცია და შენახვა სრულად უნდა აიკრძალოს, რადგან ის საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას და აჩენს ფულის გათეთრების რისკებს.