მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის კონკურენციის სააგენტომ Google-ი კიდევ ერთხელ დააჯარიმა

6358e700b1023
გიორგი თოლორდავა
26.10.22 23:00
514
ინდოეთის კონკურენციის სააგენტომ (CCI) ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი დამატებით 113 მილიონი დოლარით დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელმა ორგანომ ტექნოლოგიური კომპანია გასულ კვირასაც დააჯარიმა 160 მილიონი დოლარით.

კომისიის განმარტებით, Google-ი ბოროტად სარგებლობს ბაზარზე არსებული დომინანტური პოზიციით და აქტიურად არღვევს ქვეყნის ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, რაც უშუალოდაა დაკავშირებული Google-ის Android სისტემასთან.

საქმე ისაა, რომ სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები იძულებული არიან Android-ით სარგებლობისთვის Google-ის მიერ წაყენებული პირობები დააკმაყოფილონ, რაც სმარტფონებში Google Chrome-ის, YouTube-ის, Maps-ისა და Gmail-ის დაინსტალირების ვალდებულებას ითვალისწინებს.

CCI-ის შეფასებით, ზემოხსენებული ვალდებულება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას, რადგან კომპანიებს არ აქვთ მომხმარებლისთვის ალტერნატიული არჩევანის შეთავაზების საშუალება; მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი კი Android სისტემის მიერ ავტომატურად შეთავაზებული აპლიკაციებით აგრძელებს სარგებლობას, ნაცვლად ალტერნატივების მოძიებისა.

ჯარიმის გადახდის გარდა, კონკურენციის სააგენტო Google-ისგან ზემოხსენებული პრაქტიკის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სმარტფონების მწარმოებლებისთვის სრულად თავისუფალი არჩევანის მიცემას მოითხოვს.

ცნობისთვის, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისა და ბაზარზე დომინანტური პოზიციით ბოროტად სარგებლობის გამო, ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ Google-ი რეკორდული 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.