26.აგვისტო .2019 21:20

ინდონეზია ქვეყნის დედაქალაქს ჯუნგლებში გააშენებს

views 1394
უკან

ინდონეზია ქვეყნის ახალ დედაქალქს კუნძულ ბონეოს ჯუნგლებში ააშენებს. 2024 წლისთვის უკვე, 265–მილიონიანი ქვეყნის მთავრობა და პარლამენტი ჯაკარტადან ქალაქ ბალიკპაპანთან გაშენებულ ახალ დედაქალაქში უნდა გადავიდეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, პროექტი მთლიანობაში, 33 მილიარდი ამერიკული დოლარი ჯდება, ფინანსების მოძიება კი სახელმწიფო, საჯარო და კერძო სექტორისგან, ასევე სხვადასხვა მასშტაბური ინვესტიციების საშუალებით იგეგმება. 


ინდონეზიაში ქვეყნის დედაქალაქის სხვაგან გადატანაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ, თუმცა პროექტი კუნძულოვანი ქვეყნის ხელმეორედ არჩეულმა პრეზიდენტმა მთელი შემართებითა და სწრაფი ტემპით დააჩქარა. ახალი დედაქალაქის დაარსების მიზეზი კი მჭიდროდ დასახლებულ და გატავირთულ ჯაკარტაში შექმნილი ქაოსი და შიშია იმისა, რომ ოდესღაც ქალაქი ზღვით დაიფარება.


როგორც ინდონეზიის პირველი პირი განმარტავს, ახალი დედაქალაქი სტრატეგიულად კარგ ადგილას გაშენდება. ის ინდონეზიის გულს წარმოადგენს და იქ მიწისძვრის, ცუნამის, ვულკანის ამოფრქვევისა და თუნდაც ქალაქის წყლით დაფარვის საშიშროება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.


ამ დროისთვის კუნძული, რომელიც ინდონეზიის ჯუნგლებში მდებარეობს, გაუვალი ტყეა და რამდენიმე ადგილას გაწმენდილი ტერიტორისგან შედგება. ახალი დედაქალაქისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ. საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ, გამოკითხვა მოსახლეობაშიც მიმდინარეობს.






1527 წელს დაარსებულ ჯაკარტაში (ადგილობრივ ენაზე "დიდ გამარჯვებას" ნიშნავს) 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი ჯავას კუნძულზე მდებარეობს. მეგა-ქალაქი კომერციული ცენტრია, რომლის წილიც ინდონეზიის მთლიან შიდა პროდუქტში 58%-ია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ახალი დედაქალაქის გაშენებას ეგვიპტეც აპირებს. აფრიკული სახელმწიფოს პირველი ქალაქის აშენება, კაიროდან 50 კილომეტრში, უდაბნოს ღრმა ნაწილში იგეგმება.