მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდურ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობა და თავისუფალი ვაჭრობის მოლოდინი

60d9eafe58ed7
ეგნატე შამუგია
29.06.21 19:33
1260
საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რადგან საერთაშორისო ვაჭრობაში აქტიურადაა ჩართული და კაპიტალის მიმოქცევის თავისუფალი რეჟიმი არსებობს. ეკონომიკის ღიაობა ბოლო წლებში მეტად თვალსაჩინოა, რადგან საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების მზარდი დინამიკა იკვეთება. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ორივე - ექსპორტი და იმპორტის ფარდობით მაჩვენებლები გამოკვეთილად იზრდება, რაშიც საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას მოკრძალებული წვლილი გააჩნია.

სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც ვაჭრობის ლიბერალიზაციისკენაა მიმართული, როგორც, საბაჟო ტარიფების შემცირებისკენ, ასევე ცალკეულ ეკონომიკური ზონებთან და ერთეულებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების კუთხით. ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, საბაჟო გადასახადის/მოსაკრებლის საშუალო განაკვეთის დაბალი მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-6 პოზიციას იკავებს. ამისათვის კი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები 2007 წლიდან გადაიდგა, როცა ქვეყანაში საბაჟო და საგადასახადო რეფორმა გატარდა. ამასთანავე, საქართველოს რამდენიმე ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააჩნია, რაც ადგილობრივი პროდუქციისთვის შესაძლებლობებს ზრდის უფრო მეტი ექსპორტისა და ახლა საქონელი და მომსახურების საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. ასეთი ქვეყნები ძირითადად რეგიონის ეკონომიკები იყო, მაგრამ ბოლო წლებში საქართველომ ორ უმსხვილეს ბაზართან უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გააფორმა.

ერთი, მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და მეორე, ორმხრივი შეთანხმება ჩინეთთან. ეს პროცესი კი ახლაც გრძელდება და ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანასთან იგეგმება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება. მათ შორის, ინდოეთთან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. ინდოეთი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული ეკონომიკის მიხედვით, პანდემიამდე პერიოდის მონაცემებით, მსოფლიოში რიგით 132-ე ადგილზეა, ხოლო მისი მთლიანი ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკაში 7.1%-ს შეადგენს, რაც ეკონომიკის მოცულობის მიხედვით ჩინეთისა და აშშ-ს შემდეგ მესამეა. სწორედ, ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე ინდოეთს გამოკვეთილი პოზიცია გააჩნია საერთაშორისო ვაჭრობაში. კერძოდ, 2019 წლის მონაცემებით, ექსპორტის მიხედვით ინდოეთი რიგით მე-15 ქვეყანაა, ხოლო იმპორტის მიხედვით კი, მე-11 პოზიციას იკავებს.

ინდოეთს 142 ქვეყანასთან არსებული სავაჭრო ურთიერთობის შედეგად, უარყოფითი სავაჭრო სალდო გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება აღემატება ქვეყნიდან ექსპორტირებულის. თავის მხრივ, ინდოეთი ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია ალმასის, ძვირფასი ნივთების და ბრინჯის. ხოლო, ძირითად საიმპორტო საქონელს შორის ნავთობპროდუქტებია.
 
ფიგურა 1: საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები ინდოეთთან (მლნ აშშ დოლარი, %)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღნიშნულ 142 ეკონომიკურ ერთეულს შორის საქართველოც შედის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინდოეთთან 25 წელზე მეტია ვაჭრობს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მაჩვენებლები მცირეა. საქართველოში უფრო მეტად იმპორტი ხორციელდება და გაცილებით ნაკლები ღირებულების ექსპორტი. საქართველოდან ინდოეთში ექსპორტის ნაწილია განათლების მომსახურება, რაც ინდოეთის მოქალაქეებისთვის ადგილზე უმაღლესი განათლების მიწოდებას გულისხმობს. თუმცა, ეს არ ხვდება საქსტატის მიერ აღრიცხული ექსპორტ-იმპორტის მონაცემებში.

2019 წელს საქართველოდან ინდოეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 3.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც გასულ წელს 2.8 მლნ აშშ დოლარი იყო. 2017 წლიდან კი ინდოეთში ექსპორტის დინამიკა კლებადია. ისტორიულად ყველაზე მეტი ღირებულების ექსპორტი 2016 წელს იყო, როცა ამ უკანასკნელმა 22.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომლის ძირითადი ნაწილი მინერალური და აზოტოვანი სასუქები იყო. სხვა წლებში კი, ძირითადი საექსპორტო საქონელი ფერადი ლითონების ჯართია.

როგორც აღვნიშნეთ, ინდოეთიდან იმპორტის ღირებულება ექსპორტს აღემატება. 2019 წელს სავაჭრო დეფიციტმა 40.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელს 42.9 მლნ აშშ დოლარი იყო. ამავე პერიოდში, ინდოეთიდან 45.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის მხოლოდ 0.6%-ია. ეს კი, 2019 წელთან შედარებით გაზრდილია, რადგან ამ პერიოდში იმპორტის ღირებულება 44.5 მლნ ლარს შეადგენდა.

აღნიშნულ პერიოდში, ინდოეთიდან ძირითადი საიმპორტო საქონელი სამკურნალო საშუალებები, ბრინჯი და ქაღალდი იყო. აღსანიშნავია, რომ მსგავსად ექსპორტისა, 2017 წლიდან იმპორტიც შემცირებულია. 2016 წელს ინდოეთიდან იმპორტის ღირებულება 77.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო, რომლის ძირითადი ნაწილი სამკურნალო საშუალებები, მეტალის კონსტრუქციები, მავთული და ჰიდროტურბინები იყო.

როგორც ვახსენეთ, ინდოეთი საერთაშორისო ვაჭრობაში თვალსაჩინო წვლილი მქონე ეკონომიკაა, რაც მისი სიდიდითაა განპირობებული. შესაბამისად, მსოფლიოს უამრავ ეკონომიკურ ერთეულთან ვაჭრობს და მათ შორის, საქართველოსთან. თუმცა, საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა მცირეა და მისი წვლილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში თითქმის უხილავიც კი. განსაკუთრებით ექსპორტი, რომელიც მიზერული ღირებულების ხორციელდება და ძირითადი საექსპორტო საქონელი ფერადი ლითონების ჯართია. ამ ფონზე, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადება იგეგმება.

ამ ეტაპისთვის უცნობია ასეთი ხელშეკრულების დადების დრო, მაგრამ მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია და მოლაპარაკებები დაწყებული. აღნიშნული კი დადებითად აისახება ინდოეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე და ადგილობრივ წარმოებას ახლა მსხვილ ბაზარზე შეღწევის შესაძლებლობას მისცემს. ბოლო პერიოდიდან ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და მასთან არსებული მკვეთრად მზარდი სავაჭრო დინამიკა.