მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინერტული ნარჩენები გარემოს დაბინძურების მხრივ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის - მაია ბითაძე

639348506ecea
ინგა მურუსიძე
09.12.22 18:38
615
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე მიესალმა და თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

„გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კომიტეტმა ინერტული ნარჩენების მართვის საკითხის მიმართულებით თემატური მოკვლევა ჩაატარა. მინდა აღვნიშნო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობა, რომელთა მონაწილეობის გარეშე ის ძირითადი ცხრა რეკომენდაცია, რომელიც თემატური მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ 2015 წელს მიიღო ნარჩენების მართვის კოდექსი და ჩვენ უკვე მაშინ გვქონდა ხედვა, რომ სამომავლოდ მოსაწესრიგებელი იქნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიც არის ინერტული ნარჩენების მართვა.

ინერტული ნარჩენები დღეს მთელ მსოფლიოში მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს. სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ არსებობს არც ინსტიტუციური, არც სამართლებრივი მექანიზმი, რომ ყოველივე ეს განხორციელდეს და პირიქით, ინერტული ნარჩენები დღეს გარემოს დაბინძურების კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის. იმედს გამოვთქვამ, რომ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც პრეზენტაციის მსვლელობისას მოვისმენთ, და იმ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მომიჯნავე კომიტეტების ჩართულობით საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდება, ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევავსოთ არსებული სამართლებრივი ვაკუუმი, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს არა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის კუთხით, არამედ ბიზნესისთვისაც, რათა ინერტული ნარჩენები ახალ პროდუქტად გარდაიქმნეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მნიშვნელობაზე გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა.

„ეს არის კარგი პლატფორმა, როდესაც კომიტეტი ფოკუსირებას აკეთებს მნიშვნელოვან საკითხზე და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე იწყებს მუშაობას. ინერტული ნარჩენები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ძალიან კარგია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ამ მიმართულებით თემატური მოკვლევა ჩაატარა. აღნიშნულმა მოკვლევამ საშუალება მოგვცა, რომ ინერტული ნარჩენები, როგორც მიზანი, ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმაში და 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში შევიტანეთ და ცალკე განისაზღვროს თუ როგორ განხორციელდეს ინერტული ნარჩენების მონიტორინგი, აღრიცხვა და მართვა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიების მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი და შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ხათუნა ზალდასტანიშვილი მიესალმნენ და თემატური მოკვლევის პროცესში მათი ორგანიზაციების ჩართულობასა და ზოგადად, საკითხის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიება ანგარიშის პრეზენტაციით გაგრძელდა, სადაც ექსპერტმა, კახა ბახტაძემ თემატური მოკვლევის მიგნებებზე, სპეციალურად მომზადებულ კითხვარსა და მომზადებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

როგორც ღონისძიების დასასრულს აღინიშნა, თემატური მოკვლევის ანგარიშის საფუძველზე, კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მოამზადებს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების და საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით წარიმართება.