მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციური ახალ შენობაში გადასვლას 2022 წლის იანვარში გეგმავს - „გვაძლევენ მყარ გარანტიას“

60e579b04ea24
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.21 14:27
613
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში 2022 წლის 1 იანვრისთვის უნდა გადავიდეს.

„გვაძლევენ მყარ გარანტიას“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე სახელმწიფოს მიერ შესყიდულ შენობა-ნაგებობაში გადასვლის ვადებს შეეხებოდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აღნიშნავს, რომ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჯანდაცვის სამინისტრო აორგანიზებს.

„ლუბლიანას ქუჩაზე არსებული შენობა ინფექციურ საავადმყოფოს გასულ წელს 10-წლიანი ლოდინის შემდეგ გადმოგვეცა. 2009 წელს მოხდა განკერძოება, გასხვისება ჩვენი ტერიტორიის და შენობა-ნაგებობების და შემდეგ თითქმის 11 წელი ვუცდიდით ახალს.

ყველას აინტერესებს ამჟამად ეს შენობა რა მდგომარეობაშია და რამდენად ახლოს ვართ იმასთან, რომ მან დაიწყოს ფუნქციონირება და გაამართლოს ის 33 მლნ, რომელიც სახელმწიფომ ამ შენობაში გადაიხადა და ის უზარმაზარი სარგებელიც, რაც სახელმწიფოსთვის შეიძლება მოუტანოს თანამედროვე ინფექციურმა საავადმყოფომ. ამ მხრივ, როგორც ბევრ სხვა სფეროში აქტივობა გარკვეული ჩამორჩენით მიმდინარეობს. ზოგს ჰგონია, რომ ეს შენობა ექსპლუატაციაში მაისში უნდა შესულიყო, ჩვენც მოხარული ვიქნებოდით, ეს უფრო სწრაფად რომ განხორციელებულიყო და დღეს სამუშაო მდგომარეობაში მყოფი შენობა გვქონოდა, მაგრამ თავიდანვე, როდესაც სახელმწიფომ ქონება შეისყიდა და გადმოგვცა, კერძო მესაკუთრესთან „ავერსი ფარმასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, იქ ჩადებული იყო, რომ ამ შენობის სამუშაო კონდიციამდე მიყვანა და შესაბამისი ჩვენი გადასვლა 2022 წლის იანვრისთვის განხორციელდებოდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დამატებითი თანხები ჯანდაცვის სამინისტრომ მოიძია.

„ჩვენ ასე ვიცით, რომ ახლა სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება მიმდინარეობს და გვაძლევენ ძალიან მყარ გარანტიას, რომ 1 იანვრისთვის ეს სამუშაოები დასრულდება და ჩვენ ახალ შენობაში გადავალთ“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.