მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობის მოძიება მიმდინარეობს - თენგიზ ცერცვაძე

5f1ea0ee2eed3
ინგა მურუსიძე, ანუკა ჯოხაძე
27.07.20 13:49
1360
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოსთვის მიმდინარეობს როგორც უკვე არსებული შენობის მოძიება, ისე ახალი შენობის აშენების შესაძლებლობასაც განიხილავენ. ამის შესხებ მან BMG-ის გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

საქმე იმაშია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოიყოფა 40 მილიონი ლარი იმისთვის, რომ ინფექციურ საავადმყოფოს თავისი შენობა ჰქონდეს.

„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა 40 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ. ჩვენ დიდი ხანია ველოდებით ამ გადაწყვეტილებას, რადგან 2009 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ გაიყიდა ამ საავადმყოფოს შენობა-ნაგებობა და კუთვნილი ტერიტორია. ის შეიძინა კომპანია „ავერსმა“, რის შემდეგაც ჩვენ ამ შენობა-ნაგებობებში ვართ მდგმურის პირობებით. მდგმურად ყოფნა ძალიან ძნელია ჩვენთვის. იყო მფლობელის მხრიდან რიგი პირობები. ასევე, გვქონდა სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რადგან კერძო მფლობელი არ გვაძლევდა რეაბილიტაციის უფლებას და ა.შ.“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და იქვე დასძინა, რომ შენობის გარემონტება შეუძლებელი იყო იმიტომ, რომ ის სხვისი საკუთრებაა. 

„ყველა ვარიანტში განიხილება ახალი შენობის ვარიანტი. მიდის არსებული შენობების მოძიება, რომელიც შეესაბამება ინფექციური საავადმყოფოს სპეციფიკას. თუ ასეთი შენობა იქნა მოძიებული, მისი შეძენა იქნება პრიორიტეტული, ხოლო თუ ასეთი ვერ მოვიძიეთ, მაშინ ეს ფული ახალი შენობის აშენებას მოხმარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ცუდია ის, რომ ყველაფერი დროში გადაიწევს. იყო და არის საუბარი გარკვეულ შენობებზე, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებთ. შენობა ჯერ შერჩეული არ არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის მიცემით ქვეყანა აღიდგენს იმ დანაკლისს, რაც აქამდე ჰქონდა - ექნება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფო, რომელიც თანამედროვე ინფექციური პათოლოგიების სამკურნალოდ იქნება ვარგისი.

რაც შეეხება ვადებს, როგორც ცერცვაძე ამბობს, დრო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ინფრასტრუქტურის ხარჯზე კომპრომისი არ იქნება.

"ვფიქრობ, წინასწარი გათვლებით, შეირჩევა შენობა შესაფერისი ინფრასტრუქტურით და, სავარაუდოდ, ყველაფერი დასრულდება 8-10 თვეში, არა უმეტეს 1 წლის პერიოდისა, ხოლო თუ ასეთი შენობა ვერ მოიძებნა და ახლის აშენება გადაწყდა, ალბათ 2 წელიწადი ან მეტი დასჭირდება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.