13.მარტი .2020 11:33

ინფექციურის დირექტორი: კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 7-ს პნევმონია აღენიშნება

views 446
უკან

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 7-ს პნევმონია აღენიშნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"დღეს დილის მდგომარეობით ჩვენთან წევს 42 პაციენტი. როგორც იცით, გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი და დადასტურებული შემთხვევა ჩვენთან გაიზარდა 22-მდე, ხოლო ქვეყანაში 25-მდე. ეს არის არა ახალი წყარო, არამედ ძველი წყაროებიდან გავრცელებული. ეს არის საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კონტაქტი, მაგრამ არა ახალი გენერაცია, არამედ იტალიიდან ჩამოსულ პირთან შემხებლობა. ამ ეტაპზე გვაქვს 4 წყარო, ახალი არ გამოვლენილა.

დღეს ველოდებით 7 ტესტირების პასუხს. ყველა შემოსული პაციენტის კონტაქტები აბსოლუტურად დაცულია. ამ 22 პაციენტიდან 7-თან არის დადასტურებული პნევმონია. ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მაგრამ უკვე რამდენიმე დღეა დაავადება არ პროგრესირებს და შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საშუალო სიძიმისაა. პაციენტების დაავადების პროგრესირება მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება პროგრესირდეს. ზოგადად, თუ ინფიცირებიდან 13 დღე გადავლახეთ და დაავადება არ პროგრესირდა, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელების ტენდენცია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ეზუგბაიას თქმით, პირველ დაინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით დაავადების მსუბუქი მაჩვენებლები კიდევ არის, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ვირუსი კვლავ რჩება და ანალიზი ოთხ დღეში კვლავ უნდა გადაკონტროლდეს კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება 12 წლის მოზარდს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩივილები არ აქვს, გრძელდება მეთვალყურეობა ისე, როგორც ყველა პაციენტზე“, - აღნიშნა ექიმმა.