მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურში ჩინეთის მოქალაქე კორონავირუსის სიმპტომებით შეიყვანეს - ტარდება კვლევები

5e3c26c4af5b5
ინგა მურუსიძე
06.02.20 18:44
1970
ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის მოქალაქე კორონავირუსის სიმპტომებით შეიყვანეს.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ანალიზები უტარდება და ხვალ გახდება ცნობილი, აქვს თუ არა მას კორონავირუსი.

ამასთან, ექიმის თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ანალიზები უტარდება.

„სულ ახლახან შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, ეროვნებით ჩინელი, რომელმაც პეკინი დატოვა 27 იანვარს, შემდეგ ორი დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ იყო გუდაურში. იყო ბაკურიანში და 4 თებერვალს აღენიშნა ტემპერატურის მომატება. როგორც თავად და მისი თანმხლები გვეუბნება, ჰქონდა ხველა, მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, შემდეგ მიმართა საელჩოს და ონლაინ, ჩინელ ექიმებთან იტარებდნენ კონსულტაციას. მათ დაუნიშნეს მედიკამენტი, რომელიც ჯერ არ ვიცით რა არის. 4 თებერვლის შემდეგ მდგომარეობა რთული გახდა და შემოვიდა ჩვენთან. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩივილები აქვს. არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფიცირებული კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი არგუმენტები ჯერ არ გვაქვს. ახლა პაციენტს ჩაუტარდება გამოკვლევა, დღეს საღამოს გვეცოდინება და უფრო დამაჯერებელი პასუხი გვექნება აქვს თუ არა გრიპი. ხვალ კი იქნება პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში არ არის ახალი კორონავირუსის ინფექცია და არის უბრალოდ გრიპი. თუმცა შემთხვევა განიხილება, როგორც შესაძლო კორონავირუსი, ამიტომ დაველოდოთ ანალიზების პასუხებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.