მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურთან საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა - "ავერსი ფარმა"

61dd85644dbac
ანუკა ჯოხაძე
11.01.22 18:33
531
ინფექციური საავადმყოფოს ახალ, კუთვნილ შენობაში გადასვლის პერიოდი ისევ ბუნდოვანია. "ავერსი ფარმას", ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს შორის სამმხრივ ხელშეკრულებას ვადა უკვე გაუვიდა. გასული წლის 31 დეკემბრიდან საავადმყოფო ყაზბეგის გამზირზე ფუნქციონირებას ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე აგრძელებს.

"ავერსი ფარმას" მენეჯმენტი, რომელიც 2009 წლიდან ამ ტერიტორიის მფლობელია, გასული წლის ბოლოს BM.GE-სთან ამბობდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს 2022 წლიდან ფართის დაცლა მოუწევდა, თუმცა მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

როგორც "ავერსი ფარმას" გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, შეხვედრა სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა, მაგრამ მისი თქმით, გაუგებარია რატომ არ გადადის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში, რომელიც 2020 წელს სახელმწიფომ 34 მლნ ლარად შეიძინა.

“2022 წლის დასაწყისში შევხვდით სამინისტროს წარმომადგენლებს. განვიხილეთ ინფექციურის ახალ შენობაში გადაყვანის შეფერხების პრობლემა. როგორც მოგეხსენებათ, ინფექციურ საავადმყოფოს მთავრობამ შეუძინა სრულიად ახალი, კლინიკისთვის აშენებული საუკეთესო შენობა 34 მლნ ლარად 2020 წლის 3 სექტემბერს. გასულია 1 წელი და 4 თვე და დღემდე კარებიც კი არავის შეუღია ახალ შენობაში. ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ არ გადადის ინფექციური ახალ 15 400 კვ/მეტრ შენობაში მაშინ, როცა ყაზბეგის გამზირზე ძველ შენობებში უკავია 6 800 კვ/მეტრი", - აცხადებს “ავერსი ფარმას” გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე და იქვე დასძენს, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ არის მიღებული.

ინფექციურ საავადმყოფოს "ავერსი ფარმასთან" 2019 წელს ჰქონდა საიჯარო ვალდებულება, რომელიც თითქმის ნახევარი მილიონი ლარია. ეს დავალიანება როგორც "ავერსი ფარმას" გენერალური დირექტორი ამბობს, არც დღეს არის დაფარული. შესაბამისად, მისი განმარტებით, მოლაპარაკებები ამ თანხის დაფარვასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს, რომელზეც კომპანიის მენეჯმენტი ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს ელოდება.

ცნობისთვის, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყება გაჭიანურდა. მისი თქმით, „მიდის მუშაობა, რომ ინფექციური საავადმყოფო წელს იქ დარჩეს, სადაც ის არის“.

შეგახსენებთ, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს.