24.მარტი .2020 16:22

ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 4 პაციენტი

views 261
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული ვითარება განიხილეს.

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის პოზიტიური ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტიდან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, უწყებათაშორის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთაგან ორმა საქართველო ავსტრიის მიერ დანიშნული სპეციალური რეისით გვიან ღამით დატოვა, 9 პაციენტი ამ ეტაპზე გაწერილია, ხოლო მკურნალობას განაგრძობს - 56 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 4 პაციენტი. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.

ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ვინაიდან არსებობს ალბათობა, სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოსაც ვერ გაგრძელდეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოპერატიულად გადადგა ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ პროცესში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტ პროვაიდერებს, გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულად აკონტროლებენ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მუნიციპალიტეტების საკვებით თუ ფარმაცევტული პროდუქციით მომარაგების კუთხით შეფერხებები არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა