მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია 2017 წლის შემდგომ პიკურ ნიშნულზეა

5dbfd8fdc7115
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.19 12:10
1312
საქართველოში ინფლაცია მაღალი ტემპით იზრდება. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის პიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ინფლაციის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდაა. სურსათის ჯგუფში ფასები 13.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი).

ეროვნულმა ბანკმა გაზრდილი ინფლაციის საპასუხორ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის პროგნოზით, ქვეყანაში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება იქამდე, სანამ ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს არ დაუახლოვდება. 

ამასთანავე, სებ-ი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ზრდის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს დღეს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება წარმოადგენს. ინფლაციის ზრდის მეორე ძირითადი ფაქტორი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის განაკვეთის ზრდაა, რასაც ეროვნული ბანკი "ერთჯერად ფაქტორად" მოიხსენიებს. თამბაქოს ნაწარმზე ფასები წლიურ ჭრილში 26.8%-ით არის გაზრდილი. 

ეროვნული ბანკი გაზრდილი ინფლაციის შესახებ:

"2019 წლის მეორე ნახევარში ინფლაციური წნეხი გამოიკვეთა, რომელიც, ერთჯერადი ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე მეტად გაუფასურებასთან. ეკონომიკური აქტივობის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა წინა პერიოდებთან შედარებით შემცირებულია. ამის შედეგად, ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციას სუსტი მოთხოვნა იმდენად ვეღარ ანეიტრალებს. შედეგად, ინფლაციური მოლოდინების ზრდის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გამკაცრდა და მოსალოდნელია, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნებას მანამ, სანამ ინფლაციის მოლოდინები არ დაუბრუნდება მიზნობრივ 3%-იან დონეს.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო სამი კვარტალის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, ხოლო შემდგომ კი - ეტაპობრივი შემცირების ფაზის გავლის შემდეგ საშუალოვადიან პერიოდში მას ქვემოდან დაუახლოვდება.

მთლიანობაში, მომდევნო წლის ბოლოს ინფლაციის მის მიზნობრივ ნიშნულზე მეტად შემცირებას მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს, რომელიც მზადაა დროებით მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია დაუშვას გრძელვადიანი ინფლაციის მოლოდინების მიზნობრივ დონემდე შემცირების მიზნით.

ინფლაციის პროგნოზის ასეთ დინამიკას, ერთი მხრივ, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურება, ხოლო მეორე მხრივ, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განაპირობებს. პირველი მათგანი, მოკლევადიან პერიოდში, სამომხმარებლო ფასებზე ზეწოლ ასაჩენს, რამდენადაც იგი ზრდის როგორც იმპორტულ ინფლაციას, ასევე იმ კომპანიების შუალედურ ხარჯებს, რომელთაც სასესხო ვალდებულებები უცხოური ვალუტით გააჩნიათ.

მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, პირიქით, მოკლევადიან პერიოდში ფასებზე დაღმავალ წნეხს აჩენს. თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება, ეფექტური კურსის გამყარების პარალელურად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან სიახლოვეს უზრუნველყოფს,"- ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიმოხილვაში.