მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია და გარკვეული პროდუქტების ფასებიც მცირდება - ფინანსთა მინისტრი

63319b9b78a80
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.22 16:38
515
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ინფლაცია 3%-იან დონეს უნდა დაუახლოვდეს. თუმცა, ამასთანავე ხუციშვილი ამბობს, რომ რეგიონში კვლავ მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება, ამიტომაც რთულია თქმა ზუსტად რა ტენდენცია ექნება მომავალში ინფლაციას.

“ინფლაცია იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მაღალი რჩება, ბოლო ორი თვის განმავლობაში ატარებს შემცირების ტრენდს. მათ შორის გარკვეული პროდუქტების ფასები მცირდება. ეს ბუნებრივია დამოკიდებულია პროდუქტების საერთაშორისო ფასებზე. ჩვენ სახეზე გვაქვს, რომ FAO-ს ინდექსი, რომელიც სურსათის საფასო ინდექსია ბოლო 3 თვის განმავლობაში მუდმივად შემცირების ტრენდს ატარებს.

შემცირება ფიქსირდება ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში საწვავთან მიმართებით. ეს გარკვეული დროის შემდეგ აისახება მათ შორის საქართველოში ფასების დონეზე. ვფიქრობთ, რომ ფასების შემცირების მოცემულობა, რაც არის დღეს, გაგრძელდება. თუმცა, ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, თუ რა გეოპოლიტიკური რისკები არსებობს და ძალიან რთულია, თუმცა ფასების შემცირება უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებშიც. 2023 წლის მეორე კვარტალში უნდა დაუახლოვდეს ინფლაციის უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის 3%-ის ოდენობით,”- აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 10.9% შეადგინა. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

თავად ეროვნული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ინფლაციის დონე 10.1% იქნება, 2023 წლის პირველ კვარტალში 8.7%; მეორე კვარტალში 4.8%, ხოლო მესამე კვარტალში 3.4% იქნება.