მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს“ - გვენეტაძე ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებზე

60892298d69c1
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.21 13:05
1068
მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება კი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა. ნიშანდობლივია, რომ ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალშიც მნიშვნელოვნად გაზრდის. წინა სხდომის შემდეგ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, სები-ის განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5%-ის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი, საბაზო სცენარში დაახლოებით 4%-ია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიასაშუალებების კითხვებს უპასუხა და ინფლაციის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების ფაქტორები დაასახელა.

"ინფლაციის ასეთი ზრდის მიზეზი კორონავირუსის გამო საქართველოში და მის გარეთ შექმნილი არაორდინალური ვითარებაა. ინფლაციის გამო ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა და კორონავირუსმა ყველაზე მეტად ეს სექტორი დააზარალა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომსახურებაზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის ცალკე შეფასება გაკეთდა, რომელშიც აღნიშნულია, ასეთი ტიპის შოკი, რომელიც მობილობის შეზღუდვას გულისხმობს, გაცილებით რთული გადასატანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მომსახურებაზე არიან დამოკიდებულნი. საქართველო, ამ შემთხვევაში, ასეთი ქვეყნების სიაშია. ქვეყანამ 3 მლრდ-მდე უცხოური ვალუტის შემოსავალი დაკარგა, რამაც მიმდინარე დეფიციტი გააუარესა და ამან გაცვლით კურსზე დაწოლა შექმნა, რაც ფასებზეც აისახა, როგორც იმპორტირებული ინფლაციის გავლით, ასევე კომპანიების უცხოური ვალუტის სესხების მომსახურების არხით. ამავე დროს საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა ფართო მოხმარების პროდუქტები - ხორბალი, მზესუმზირა, ზეთი, შაქარი... 

გარდა ამისა, პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების გამო კომპანიებმა საოპერაციო ხარჯები გაზარდეს, რაც გარკვეულწილად ფასებზეც აისახება. ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს მაღალ ინფლაციას განაპირობებს“, - განმარტა კობა გვენატაძემ.

რაც შეეხება პროგნოზებს, როდის შეიძლება დაუბრუნდეს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ინფლაციის შემცირება 2022 წლიდან არის მოსალოდნელი.

„2021 წლის მპკ-ის მარტის სხდომის შემდეგ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ვალუტა გაუფასურდა და სხვა ახალი ინფორმაციების საფუძველზე 2021 წელს ინფლაცია, საშუალოდ, 6.5%-ის ფარგლებში იქნება იმის გამო, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ეფექტის ასახვა მოხდება ამ წლის დეკემბერსა და იანვარ-თებერვალში იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც სუბსიდირება ხდებოდა და შემცირდა ინფლაცია; ამდენად, ამ პერიოდში ანუ 3 თვეში ინფლაცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

როდესაც ვსაუბრობთ ამპლიფიკატორებზე, ქართული ეკონომიკისა და საფინანსო სექტორის ყველაზე დიდი გამაძლიერებელი მაღალი დოლარიზაციაა, რადგანაც მაშინ, როდესაც სესხები დოლარშია აღებული და შემოსავალი ლარშია, მათი მომსახურება ძვირი ხდება და დამატებითი ხარჯები ფასებში ისახება; ეს კიდევ უფრო მეტ წნეხს ქმნის ინფლაციაზე.

მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე მოქმედი ინსტრუმენტია. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ინფლაცია შედარებით დიდი ხანია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ნარჩუნდება, ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინების ზრდის რისკი ჩნდება.

ჩვენთვის კორონაპანდემიასთან დაკავშირებული შოკი განმეორებითია, რადგანაც 2019 წელს როდესაც რუსეთის ფედერაციიდან ფრენები აიკრძალა, ვალუტის გაუფასურება სწორედ იმ პერიოდში მოხდა და შემდეგ ეს ფასებს გადაეცა; როდესაც სიტუაციამ ნორმალიზება დაიწყო, მაშინ მეორე შოკი დაემატა და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლამდე ჯერ შემცირებული არ იყო. საქართველოს შემთხვევაში ინფლაცია უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა. იმისთვის, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ხანგრძლივი მოლოდინები არ შეიქმნას, ამის გამო მკაცრდება მონეტარული პოლიტიკა.

საგარეო და შიდა მოთხოვნას თუ შევხედავთ, ის მაინც უარყოფითია და როგორც ფაქტორი, ინფლაციას ქვემოთ სწევს. შიდა მოთხოვნა საკმაოდ გამოცოცხლებულია, საგარეო მოთხოვნა იმდენად შემცირებულია, რომ მოთხოვნას უარყოფითს ხდის.

დროებითი შოკების ამოწურვის და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად მოსალოდნელია, რომ ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს საშუალო ვადიან პერიოდში დაუბრუნდება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.